რეზონანსი
(25.10.2022)

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ იგი არ ყოფილა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ინფორმირებული, უკვე მოჰყვა გამოხმაურება მმართველ გუნდში. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, საგარეო პოლიტიკის განმკარგველი არის მმართველი ძალა, შესაბამისად ამ საკითხზე წუხილებიც არის უადგილო. 

​ამასთან, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პროტოკოლი არ დარღვეულა და პოლიტიკოსებმა ამაში მიღმა ქვეტექსტები არ უნდა ეძებონ. 

"არ ყოფილა დღის წესრიგში ისეთი საკითხი, რომელიც შეიძლება განხილულიყო საქართველოს პრეზიდენტთან - ეს პირდაპირ უკავშირდებოდა მთავრობას, პრემიერ-მინისტრს. მე ვერ გეტყვით რატომ არ იყო ინფორმირებული, თუმცა ეს იყო ვიზიტი პრემიერ-მინისტრის მოწვევით და მასპინძლობდა პრემიერი. ამიტომ იქ, სადაც არ არის ხოლმე ნებისმიერი თანამდებობის პირის, მათ შორის პრეზიდენტის ადგილი და როლი, ამის უკან არ უნდა ვეძებდეთ ქვეტექსტებს თითქოს ვინმე არ არის ინფორმირებული. ეს პროტოკოლურადაც და პოლიტიკურადაც ასეა სწორი," - აცხადებს გიორგი ამილახვარი. 

რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტების განცხადებას. ოპოზიციამ მართველი ძალა დიქტატურის გამოვლენაში და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უპატივცემლობაში დაადანაშაულა. 

ცნობისთვის: 7 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ვიზიტად მყოფ ილჰამ ალიევს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში გვიან ღამით დასრულდა. ილჰამ ალიევი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მთავრობის მეთაურმა პირადად გააცილა.

ალიევის ვიზიტს მალევე მოჰყვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი ილჰამ ალიევის ვიზიტის თაობაზე ინფორმირებულ არ ყოფილა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე