რეზონანსი
(24.10.2022)

არ მსურს, არესტოვიჩის ნაცვლად გავცე პასუხი, იგი არის უკრაინის მთავრობის წევრი. მე გეტყვით აშშ-ის პოზიციას - ჩვენ თანიმდევრულად და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ვწევთ ყველანაირ ძალისხმევას, რომ საქართველომ მიაღწიოს თავის ამ მიზნებს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ეხებოდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას.

კელი დეგნანის თქმით, ახლა არსებობს რეალური შესაძლებლობა, საქართველომ მიაღწიოს ინტეგრაციასთან დაკავშირებულ მიზნებს, თუ გადაიდგმება ნაბიჯები, რაც აუცილებელია 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის.

„არ მსურს, არესტოვიჩის ნაცვლად გავცე პასუხი, ვერ გავცემ პასუხს, იგი არის უკრაინის მთავრობის წევრი. მე გეტყვით აშშ-ის პოზიციას. ჩვენ თანიმდევრულად და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რაც გულისხმობს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობას, ვწევთ ყველანაირ ძალისხმევას, რომ საქართველომ მიაღწიოს თავის ამ მიზნებს. ვფიქრობ, ახლა არსებობს რეალური შესაძლებლობა ამისა, თუკი ლიდერები შეთანხმდებიან და გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რაც აუცილებელია 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის. ამისთვის ასევე მნიშვნელოვანია ფართო და ინკლუზიური ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების, სხვადასხვა დაინტერესებული მხარის, რათა ევროკავშირმა დაინახოს ეს მზაობა. სწორედ ეს არის საჭირო, რომ მოხდეს სრული ინტეგრაცია და ეს ნაბიჯები არის გადასადგმელი", - განაცხადა კელი დეგნანმა.

ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ „ნებისმიერი რამ, რაც ჰყოფს საქართველოს და უკრაინას ან ხელს უწყობს უთანხმოებას საქართველოსა და უკრაინას შორის, სარგებელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს".

„საქართველოშიც და უკრაინაშიც შეიჭრა რუსეთი, რომლის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი", - განაცხადა კელი დეგნანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე