რეზონანსი
(24.10.2022)

„მე თავისუფლება მოსაპოვებელი არ მაქვს, მე თავისუფალი ადამიანი ვარ, მე ვიბრძვი სხვის თავისუფლებისთვის და ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ის, რომ მე ასე ვუძლებ, ეს არის ჩემი ბრძოლის ფორმა", - ამის შესახებ „მთავარი არხის" გენერალური დირექტორმა ნიკა გვარამიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც ამჟამად საქმის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს.

ნიკა გვარამიამ სხდომაზე საბოლოო სიტყვა წარმოთქვა და თქვა, რომ მისთვის, მთავარი არის ის, თუ რატომაა მსჯავრდებული. გვარამიას თქმით, ცხადია, რომ ეს მისი არჩევანია.

„ვისმენ ხოლმე ტელევიზიითაც, ჩემთან შემოსული ადამიანების საუბრებიდანაც, ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოდიან ხოლმე ჩემს სანახავად როგორც ზოოპარკში ეგზოტიკური ჟირაფის და მეუბნებიან, რომ როგორ კარგად უძლებ და როგორ ზიხარ. არ მეგონა თუ ცხოვრებაში ამას მოვისმენდი თან ჩემზე. მე ის მიკვირს, რომ ასე ფიქრობენ, როგორ უნდა იყოს სხვანაირად მე ვერ წარმომიდგენია.

მე არ ვუძლებ, მე ვიხდი სასჯელს, სასჯელს, რომელიც არ მეკუთვნის და ეს მაძლიერებს, იმის გაცნობიერება, რომ ეს მე არ მეკუთვნის. ის, რომ მე ამას ვუძლებ, ეს ჩემი არჩევანია. მე თავისუფლება მოსაპოვებელი არ მაქვს, მე თავისუფალი ადამიანი ვარ, მე ვიბრძვი სხვის თავისუფლებისთვის და ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ის, რომ მე ასე ვუძლებ, ეს არის ჩემი ბრძოლის ფორმა.

სამწუხაროდ, ამ თვეებში მე ბრძოლის სხვა შესაძლებლობები ნაკლებად მაქვს, ამიტომ ვიბრძვი ისე, როგორც შემიძლია, როგორც შეიძლება ადამიანი იბრძოდეს 4 კედელს შორის, უსამართლოდ დატყვევებული. ჩემი ბრძოლა გრძელდება, მე ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებდი აქამდე, უბრალოდ სხვანაირად.

ამიტომ, მგონია, რომ ადამიანების გაძლებაზე უნდა ვილაპარაკოთ მაშინ, როდესაც ისინი სიკვდილს ებრძვიან. როგორც მიშა მაგალითად. ის მიიყვანეს იქამდე, რომ გაძლებაზეა ყველაფერი იმიტომ, რომ ადამიანი არის უმძიმესად ავად. მოვიკითხავ მას აქედან და ვთხოვ, რომ გამაგრდეს და მიხედოს პირველ რიგში ჯანმრთელობას, ის ცოცხალი სჭირდება არამხოლოდ მის ოჯახს. აღარ გავაგრძელებ.

სიკვდილის გარდა, ყველა გამოცდილება არის ფასეული და საინტერესოა ისიც, რაც ახლა ჩემს თავს ხდება, არავინ არ იფიქროს, რომ მე მომწონს იქ ყოფნა, ან მარტივია ზოგადად შვილების გარეშე, ცოლის გარეშე, მეგობრების გარეშე იზოლაციაში ყოფნა.

ყველაზე მეტად შვილების ნაწილი მიჭირს, იმიტომ, რომ სოფოს ვხედავ მაინც, თუმცა შეხება არ შეიძლება, აკრძალულ მაქვს, ბავშვებს ვერ ვხედავ სამწუხაროდ. ამას გადავიტანდი შედარებით მარტივად, მაგრამ, ყველაზე მეტად მაღელვებს, რომ ისინი ღელავენ ამაზე."- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა.

პროკურატურა მას ჯერ კიდევ „რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას" ედავება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე