რეზონანსი
(22.10.2022)

22 წლის ჰაიდარ აქშაქანს გამოძიება ბათუმის ბულვარში განზრახ მკვლელობის ჩადენას ედავება. „ამ ბრალს არ ვაღიარებ, არ ვადასტურებ დანაშაულის ჩადენას“, – აღნიშნა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე.

მან მოსამართლეს არ უთხრა, თუმცა მისი ადვოკატი, პაატა ბერიძე ამბობს, რომ ბრალდებულის ვერსიით, 19 წლის ედიქ იალჩინს მისი ვალი ჰქონდა 2 მილიონი ევრო.

„არ ვიცი, აქვთ თუ არა ბიზნესი მას ან მათი ოჯახის წევრებს. ეს ვერსია მითხრა შეხვედრის დროს… ჯერ არ გვაქვს მტკიცებულება, რაც ამ ფინანსურ დავას დაადასტურებს“, – განუცხადა "ბათუმელებს" სასამართლო პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა პაატა ბერიძემ.

დანარჩენ ბრალდებულებს: ადემ ჰამქარანჯის, ილქერ საქოღლუს და ოზან მურათ ილმასს დღევანდელ პროცესზე მოსამართლისთვის არაფერი უთქვამთ. ოთხივე ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა.

ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, რესტორან „გრილის“ წინ 18 ოქტომბერს, ღამის 11 საათზე, შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 4 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი 19 წლის ბიჭი, თურქეთის მოქალაქე, თავისა და გულ-მკერდის არეში იყო დაჭრილი, იგი კლინიკაში მიყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა.

გამოძიება თავდაპირველად სსკ-ის 19-109-ე [განზრახ მკვლელობის მცდელობა] და 236-ე [ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება] მუხლების მიხედვით დაიწყო, თუმცა ამ ეტაპზე პროკურატურა განზრახ მკვლელობის მცდელობას მხოლოდ ჰაიდარ აქშაქანს ედავება, მას ბრალი აქვს წარდგენილი ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების მუხლით.

„ბრალის დადასტურების შემთხვევაში, გათვალისწინებულია 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა“, – მიმართა მკვლელობაში ბრალდებულს მოსამართლემ განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაწილში.

დანარჩენ სამ ბრალდებულს კი, გამოძიება ედავება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას, ტარებას, ასევე – დანაშაულის შეუტყობინებლობას.

ოთხივე ბრალდებული თურქეთის მოქალაქეა – ისინი ერთად დააკავეს პოლიციელებმა მკვლელობის ღამეს ფოთი-სენაკის გზაზე ავტომანქანით გადაადგილების დროს.

ბათუმელები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე