რეზონანსი
(21.10.2022)

ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორის, ნათია გურულის განცხადებით, ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლო გადაწყვეტილებას და გამამართლებელ განაჩენს გაასაჩივრებს.

პროკურორის განცხადებით, სასამართლომ ობიექტურ მტკიცებულებებს გარკვეულწილად სუბიექტური შეფასება მისცა, ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრების პოზიცია კი გაითვალისწინა.

„ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს წარდგენილი ჰქონდა არა ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ადასტურებდა ბრალდებულის დამნაშავეობის საკითხს. ბრალდების მხარეს დარჩა განცდა, რომ სასამართლომ არ შეაფასა ის მტკიცებულები, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილს ამხელდა დანაშაულში. ობიექტური მტკიცებულებები სუბიექტურად შეაფასა და ამასთან, ბრალდებული და მისი ოჯახის წევრების პოზიცია გაიზიარა", - განაცხადა პროკურორმა.

ნათია გურულის განცხადებით, ბრალდების მხარე, არც იმ გარემოებას ეთანხმება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილის ქმედებით ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა.

„აღნიშნულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით სასამართლოს არგუმენტირებული პოზიცია მოვახსენეთ", - აღნიშნა პროკურორმა.

ინფორმაციისთვის, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე