რეზონანსი
(21.10.2022)

დოროყაშვილი-ბასილაშვილის 2 წლიანი სასამართლო დავა დასრულდა - თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა თეონა გვაზავამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დღევანდელი დასკვნითი პროცესით დამტკიცდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოა, ხოლო ნელი დოროყაშვილი არ არის ძალადობის მსხვერპლი.

"ბოლო 2 წლის განმავლობაში დაზარალებული და დაზარალებულის წარმომადგენლები საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებით გვიმტკიცებდნენ, რომ ისინი წარადგენდნენ ისეთ მტკიცებულებას, რომელიც ქვასაც კი გახეთქავდა არა თუ დაადგენდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.

თუმცა, დღევანდელი გამამართლებელი განაჩენით დადგინდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოა, ნელი დოროყაშვილი არ არის დაზარალებული, ნელი დოროყაშვილი არ არის ძალადობის მსხვერპლი, ნელი დოროყაშვილი ახორციელებდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ სისტემურ მუქარას, შანტაჟს, იძულებას, ცილისწამებას და პროვოკაციულ ქმედებებს, ქმედებებს, რომელიც აღკვეთილ იქნა ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან. შესაბამისად, დაცვის მხარის მოლოდინი გამართლდა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ბოლო 2 წლის განმავლობაში სკეპტიკურად იყო განწყობილი და თვლიდა, რომ შესაძლოა დაზარალებული გვაწვდიდა სწორ ინფორმაციას, დადასტურდა განაჩენით, რომ არ არსებობს მტკიცებულება და სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება ნიკოლოზ ბასილაშვილის უდანაშაულობა," - განაცხადა ადვოკატმა თეონა გვაზავამ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე