რეზონანსი
(21.10.2022)

პარტია „საქართველოსთვის" წევრის, საქართველოს პარლამენტის წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადება, რომ როდესაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, ისინი საქართველოს "შველაზე" უნდა გადაერთონ, პირადად მისთვის და პარტია „საქართველოსთვის" კატეგორიულად მიუღებელია.

როგორც ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „რეზიუმეში" განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „ასეთი შედეგი მივიღეთ".

„მიუღებელია ტონი, რა ტონითაც ოლექსი არესტოვიჩი საქართველოზე საუბრობს. საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული, ომ გამოვლილი სახელმწიფოა.

ჩვენი ბევრი ოპოზიციონერი კოლეგისგან ვიტყოდი, რომ სასიხარულო ამ ყველაფერში არაფერი არ არის. ამას ვამბობ იმიტომ, რომ უკრაინა არის ომში მყოფი ქვეყანა, რომლის გვერდითაც დგას მთელი დასავლეთი, ამიტომ ასეთი ქვეყნის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება შენი მოქალაქეების მიმართ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად აზიანებს ჩვენს ქვეყანას. სამწუხაროდ, ეს ნეგატიურად აისახება საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე. „ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ასეთი შედეგი მივიღეთ", - აღნიშნა ბუჩუკურმა.

მისი შეფასებით, სანქციების დაწესება გავლენას ვერ მოახდენს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, რადგან სანქცია არის ფინანსური შეზღუდვა.

„არავინ იცის უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებას დასავლეთის მხრიდან მოჰყვება თუ არა რამე. დაუშვათ მოხდა სანქციის დაწესება და მოხდა ფინანსური შეზღუდვის დაწესება კონკრეტული პირის მიმართ, ეს პოლიტიკური შიდა კონტექსტში რას ცვლის? საბოლოო ჯამში ერთადერთი, ვისაც შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს ეს არის ხალხი. ვერავინ აიძულებს ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას რამე გადაწყვეტილება მიიღოს ან გადავიდეს უმცირესობაში, ამას საზოგადოება აკეთებს",- განაცხადა ბუჩუკურმა.

კითხვაზე, რა პასუხი უნდა ჰქონდეს „ქართულ ოცნებას" სანქციებთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება უნდა გაჩუმდეს. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია „ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტოს დასავლეთზე თავდასხმა.

„მინიმუმ უნდა გაჩუმდნენ. ისიც უნდა გააჩერონ, როდესაც ერთ ადამიანს უთანაბრებენ სახელმწიფოს. მეგობრები ისე არ იქცევიან, როგორც ირაკლი კობახიძე, ღარიბაშვილი და მთელი „ქართული ოცნება" იქცეოდა ბოლო თვეების განმავლობაში. ასევე მნიშვნელოვანია უკრაინის გარდა შეეშვან დასავლეთზე თავდასხმას", - განაცხადა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ერთ-ერთ „იუთუბ" არხზე გამართულ დისკუსიაში აცხადებს, რომ "უახლოეს მომავალში, როდესაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, ისინი უნდა გადაერთონ საქართველოს "შველაზე".

ჟურნალისტის კომენტარზე, რომ საქართველოში 300 ათასი რუსი იმყოფება და 300 ათასი რუსი 3 მილიონი ქართველიდან, ანუ 10%, ქართველებისთვის დიდი პრობლემაა, არესტოვიჩმა უპასუხა: „ეს არის კატასტროფა, მითუმეტეს, პრორუსული მთავრობის გათვალისწინებით, რომელსაც არ აქვს უნარი, მიიღოს გადაწყვეტილებები და გაანადგურა ყველაფერი, რაც შექმნა სააკაშვილმა, სადაც კორუმპირებული პოლიცია, სადაც ყველაფერი იყიდება, როგორც თავად ქართველები ამბობენ და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი პრობლემაა. ჩვენ მოვახდენთ იქ ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის გადარჩენა, სომხეთის გადარჩენა, ყველას გადარჩენა. ეს კარგი ისტორიაა, რადგან მილიონი ჩვენი ნაომარი ბიჭისა და გოგოსთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო უახლოეს მომავალში პოსტსაბჭოთა სივრცეში. მშვიდობისმყოფელები, სტაბილიზაციური ოპერაციები, ჰუმანიტარული ოპერაციები და ა.შ.", - განაცხადა არესტოვიჩმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე