რეზონანსი
(21.10.2022)

„აფრენს, ვერ არის ჭკუაზე ის ადამიანი, ვინც მე პოლიტიკაში ძალით მაკვეხებს" , - ასე უპასუხა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა "ინტერპრესნიუსთან" "ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის მოწოდებას, რომ ერთადერთი გზა ბიძინა ივანიშვილის მხილებაა.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ - ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა მოუწოდა ბიზნესმენებს - ვანო ჩხარტიშვილს, ირაკლი რუხაძეს, დავით ხიდაშელს და ოთარ ფარცხალაძეს, რომ გააკეთონ არჩევანი ცივილიზებულ სამყაროსა და რუსეთს შორის.

"ასევე, მინდა გამოვეხმაურო იმ სიას, რომელიც უკრაინის ანტიკორუფციულ სამსახურს უკვე შედგენილი აქვს და ამ სიაში არიან: ვანო ჩხარტიშვილი, რუხაძე, ხიდაშელი და ფარცხალაძე. ბატონ რუხაძესაც, მის ტელეკომპანია "იმედთან" ერთად აქვს კიდევ რამდენიმე კვირა იმისთვის, რომ გააკეთოს არჩევანი ცივილიზებულ სამყაროსა და რუსეთს შორის. ასევე, მოვუწოდებ ჩხარტიშვილს, ფარცხალაძეს და ხიდაშელს - ერთადერთი ხსნა და ერთადერთი გზა არის მხილება ივანიშვილის და სასწრაფოდ შეცვალოთ თქვენი კურსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენთვის ყველაზე ძვირფასს, ფულს, რომელზეც გიჟდებით, დაემუქრება სერიოზული საფრთხე ისევე, როგორც უჩა მამაცაშვილი თავის მილიარდებს დაემშვიდობება მას შემდეგ რაც უკრაინის ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოსცა კონკრეტული სანქციები და ამას მოყვება ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ამას აუცილებლად გაიზიარებს ოფიციალური ბრიუსელი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე