რეზონანსი
(21.10.2022)

„ნაციონალური მოძრაობა" ერთიანი არასოდეს ყოფილა და ერთი პირის მიმართ უჩვეულო ერთგულება ჰქონდათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არ ჰგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ და მის გარშემო დატრიალებული ამბები პარტიას აზიანებდეს, რადგან რეალურად, შეიძლება, კარგის მომასწავლებელი იყოს ქართული პოლიტიკიდან ისეთი დესტრუქციული გაერთიანების გაქრობა, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა".

„ვინც ასეთი დესტრუქციული დღის წესრიგის შემოქმედები არიან, სამწუხაროდ, შორს არ წავლენ, დარჩებიან ქართულ პოლიტიკაში და ეცდებიან, იგივე დღის წესრიგი განავითარონ. საბედნიეროდ, მათ ქართულ პოლიტიკაზე დიდი გავლენის მოხდენა დღითიდღე უმცირდებათ. „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები ჰგავს - ხე რომ იჩეხება, წკიპზეა დარჩენილი და არის მეტყევე, რომელიც ცდილობს, ხე წააქციოს. პარტია დაახლოებით ასეთ მდგომარეობაშია და განწირულია პოლიტიკური აღსასრულისთვის. პარტია ფორმალურად გაუქმდება თუ არა, ისინი ისეთ მდგომარეობაში არიან, რა გითხრათ - ამბები გამოვიდა, არის ფიზიკური დაპირისპირება, ბრალდებები, ჩამოუყალიბებელი პოზიციებია. ეს ნიშნავს, რომ ტრიალებს ქაოსი. პარტია ერთიანი არასოდეს ყოფილა და ერთი პირის მიმართ უჩვეულო ერთგულება ჰქონდათ. მათ სისტემაში რყევები ახლა ფინანსურმა მხარემ გამოიწვია", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე