რეზონანსი
(21.10.2022)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში გამომძიებლები და ექსპერტები იმყოფებიან.

როგორც გოგაშვილის შვილმა, ნინი გოგაშვილმა განაცხადა, მათ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე სასაქონლო ექსპერტიზას ატარებენ.

„სასაქონლო ექსპერტიზას ატარებენ, აზომვებს ახორციელებენ, ფოტოები გადაიღეს და გამომძიებლებიც აქ არიან, სამხარაულის ექსპერტიზის 4 ექსპერტი და 2 გამომძიებელია. „შტეფსელები", „პლინტუსები" გაზომეს, შპალერი, სადაც გაკეთებულია ის ადგილიც, იატაკიც. ფოტოები გადაიღეს მაგალითად, აბაზანაში და სხვადასხვა ადგილებში. კიდევ აღწერეს გათბობის რადიატორი რამდენია სახლში, კონდიციონერი რომ გვაქვს, ესეც დააფიქსირეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე არიან შემოსული და სასაქონლო ექსპერტიზას ატარებენ, ალბათ, მერე აღწერა გაკეთდება. თეთრი კარკასი იყო, როცა ჩვენ ეს სახლი შევიძინეთ და შეძენის შემდეგ რაც გაკეთდა, ალბათ, ამის აღწერა აქვთ.

ჩვენ ნებართვა მივეცით, რადგან სასამართლო განჩინება წარმოგვიდგინეს და ამის საფუძველზე შემოვიდნენ", - განაცხადა ნინი გოგაშვილმა „ინტერპრესნიუსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე