რეზონანსი
(21.10.2022)

ნიკა ობოლაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. როგორც მან განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არის ის ენერგია და სურვილი, რომ გამოიწვიოს რაიმე ცვლილებები ქვეყანაში.

„უკვე დიდი ხანია, პოლიტიკოსები ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანა არის უმძიმეს დღეში. „ქართულ ოცნებას“ არ აქვს სურვილი, რომ პოლიტიკური კრიზისი დაძლიოს და ქვეყანას ემსახუროს. პირიქით, „ქართული ოცნება“ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. ამ მძიმე მდგომარეობაში ოპოზიციას ეკისრება პასუხისმგებლობა, გამოიწვიოს ქვეყანაში ცვლილებები. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არის ის ენერგია, არ არის სურვილი და უფრო მეტად არის სტატუს-კვო შენარჩუნებისკენ მიდრეკილება და სურვილი, რომ გამოიწვიოს რაიმე ცვლილებები ქვეყანაში.

არ შეიძლება ასე გულხელდაკრეფილი ვუყურებდეთ ოპოზიციის უსუსურობას. მიმაჩნია, რომ ამ ფორმაციის პარტიას, ამ შემადგენლობის „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს უნარი, რომ შეცვალოს ხელისუფლება და შეცვალოს სიტუაცია ქვეყანაში. შესაბამისად, თუ ეს უნარი არ გაქვს, შენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ამ უნარის შეძენა და მთავარი მიზანი არ უნდა იყოს არსებული სიტუაციის და სტატუს-კვოს შენარჩუნება. ეს არის ერთადერთი და მთავარი მიზეზი. საბოლოო ჯამში, არ იქნა გაზიარებული ოპოზიციური პრაიმერისის იდეა,რაც არის ძალიან სამწუხარო“,- განუცხადა საქართველოს პირველ არხს ნიკა ობოლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე