რეზონანსი
(20.10.2022)

დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Sky News ავრცელებს.

კერძოდ, სანქციები დაუწესდა ირანის სამხედრო ოფიცერს, სეიედ ჰოჯატოლა კურეიშის, რომელიც რუსეთთან დრონებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების საკვანძო ფიგურად მიიჩნევა.

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები ასევე დაუწესა ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურს, მოჰამად ჰოსეინ ბაგერის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურს, საიდ აგაჯანის.

სამივე პირს აეკრძალება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლა, ხოლო მათი აქტივები გაყინული იქნება.

სანქციებში ასევე მოხვდა ირანული კომპანია Shahed Aviation Industries, Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი, რომლებსაც რუსეთი უკრაინულ ქალაქებსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმებისთვის იყენებს. კომპანიის აქტივები ასევე გაიყინება.

"უკრაინის წინააღმდეგ პუტინის სასტიკი და უკანონო ომისადმი ირანის მხარდაჭერა შემზარავია. დღეს ჩვენ სანქციებს ვაწესებთ მათზე, ვინც აწვდიდა დრონებს, რომლებსაც რუსეთი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დასამიზნებლად იყენებს. ეს გლობალურ უსაფრთხოებაში ირანის დესტაბილიზირებადი როლის აშკარა მტკიცებულებაა", - აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე