რეზონანსი
(18.10.2022)

ეს ადამიანები თავს წარმოაჩენენ ვითომ ლიბერალებად, ვითომ დასავლური ფასეულობების აპოლოგეტებად, რასისტული ქვეტექსტებით აფასებენ ჩვენს შეხვედრებს რუანდაში. ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მათ ქსენოფობიურ სახეს და საინტერესოა როგორ შეხვდებიან ისინი ამ განცხადებების შემდეგ თუნდაც ბრიუსელში, ვაშინგტონში ან ევროპის სხვა დედაქალაქებში, ან თუნდაც აზიის დედაქალაქებში თავის პარტნიორებს, თუ ასეთი შეხვედრები მათ ოდესმე ექნებათ. ასეთი რასისტული ქვეტექსტებით საუბარი 21-ე საუკუნეში უბრალოდ მდაბიოობის და დაბალი ინტელექტის მაჩვენებელია, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან მსოფლიო საპარლამენტო კავშირის ყოველწლიურ სესიაზე საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში 20 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან გაიმართა შეხვედრა. დეპუტატის თქმით, ყველა ეს ქვეყანა ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მათივე განცხადებით ეს პოზიცია არ გადაიხედება.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა 20 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ძირითადად ეს იყო აფრიკის, აზიის და სამხრეთ ამერიკის, ასევე წყნარი ოკეანის ქვეყნები, ანუ ის ქვეყნები, სადაც ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა, არ გვაქვს ხშირი კავშირები, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათთან კონტაქტი ასეთ ფორუმებზე შედგეს იმისათვის, რომ მათ მივაწოდოთ სიმართლე, იმის შესახებ თუ რა ხდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რა შედეგები მოაქვს რუსეთის აგრესიისა საქართველოს წინააღმდეგ და იმისათვის, რომ მათ საერთაშორისო ფორუმებზე დაუჭირონ მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ნიკოლოზ სამხარაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება ასევე გაამახვილა მსოფლიო საპარლამენტო კავშირის (IPU) რეზოლუციაზე, რომელიც იხილებოდა რუსეთის უკრაინაში აგრესიის შესახებ და რომელსაც საქართველოს დელეგაციამ თავის შესწორებებით სრულად მისცა ხმა.

„შემიძლია ძალიან დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ოცივე ქვეყანამ, ამ ოციდან იყო დიდი ბრიტანეთი და უკრაინაც, რომლებთანაც ჩვენ ყოველდღიური კავშირი გვაქვს, მაგრამ დანარჩენი ქვეყნები ძალიან მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მათ განაცხადეს, რომ ეს პოზიცია არ გადაიხედება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცდილობს ამ რეგიონებში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში აღიარების მოპოვებას და ასევე გვთხოვეს, რომ უფრო ინტენსიური კავშირები გვქონდეს მათთან, რომ რეგულარულად მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა ხდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე