რეზონანსი
(18.10.2022)

“გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელის ლაშა ფურცხვანიძის, „გრინსერვის +“-ის თანამშრომლის დევი კახოიძის და შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელის ბექა მირღვლიანის ადვოკატის მამუკა ბლიაძის განცხადებით, ბრალდება არის აბსურდული.

ადვოკატის თქმით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის.

“შევხვდი სამივე პიროვნებას, ვისაც მე ვიცავ. ბრალდება არის აბსურდი, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის.

ამჟამად გადაიყვანენ დროებითი მოთავსების იზოლატორში . ბრალის ფორმულირება ჯერ არ ვიცით”, - განაცხადა ბლიაძემ.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.

რაც შეეხება თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი - ბ.მ. და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი - ლ.ჭ. მათ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. „გრინსერვის +“-ის კიდევ ერთ თანამშრომელს - დ.კ.-ს კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება ბრალი, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს. დაკავებული არიან ასევე, შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი - ნ.ქ. და ამავე კომპანიის ინსპექტორი - დავით თუშიშვილი. მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას. ასევე, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი - გ.გ. და ვ. გ. მათ ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე