რეზონანსი
(18.10.2022)

ექსპერტმა, დავით თუშიშვილმა, რომელიც მოგვიანებით ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დააკავეს, განაცხადა, რომ შადრევნის ტექნიკური მდგომარეობა მას არ შეუმოწმებია და სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა თბილისის მერიაზე დაქვემდებარებულ ლაბორატორიას ებარა.

„ჩვენზე უნდათ შემოტენვა, ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ. ჩვენ დაგვავალეს მხოლოდ ფინანსური ნაწილის შემოწმება, ამათ ისე გამოჰყავთ საქმე, რომ ჩვენ შადრევნის ტექნიკური მდგომარეობა შევამოწმეთ და მაგაზე გავეცით თანხმობა. შადრევანი მე ჩართულიც არ მინახავს, ჩვენი დასკვნა შუალედური იყო და იგი ეხებოდა მხოლოდ ხარჯთაღრიცხვას.

მერიას უსაქმურობის ბანდა ჰყავდა სამსახურში. ხელშეკრულებაში პირდაპირ წერია, რომ ტექნიკური ზედამხედველობა ამ სამუშაოებზე თბილისის მერიის ლაბორატორიას უნდა გაეწია, ტექნიკური მდგომარეობა მაგათ უნდა შეემოწმებინათ“, - განაცხადა დავით თუშიშვილმა „ტვ პირველთან“.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე დღეს 9 პირი დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე