რეზონანსი
(18.10.2022)

126-ხმით, ერთხმად - პარლამენტმა, პირველი მოსმენით, კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი მიიღო, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს - მის 90-ხმიანი კვორუმით არჩევას ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო ცვლილებები “ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ არის ინიცირებული.

პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ანუ 90 ხმითა ირჩევს. თუ აღნიშნული წესით პარლამენტი გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, მაშინ გენერალური პროკურორის არჩევა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ანუ 76 ხმით მოხდება. ამ შემთხვევაში, გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა იქნება ერთი და არა ექვსი წელი, როგორც ეს 90 ხმით არჩევის შემთხვევაშია გათვალისწინებული.

ამასთანავე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გენერალური პროკურორის არჩევისას მეორე და მესამე კენჭისყრა ტარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღისა და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს.

აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდი მის მიერვე ინიცირებულ საკონსტიტუციო ინიციატივას აკრიტიკებს და როგორც აცხადებს, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის შემოთავაზებულია მოდელი, რომელსაც არავითარი საუკეთესო ევროპული გამოცდილება არ გააჩნია.

მათივე შეფასებით, ეს არის კონსტიტუციურ-სამართლებრივი და სისხლის სამართლის პოლიტიკის გაგებით უკიდურესად გაუმართავი შინაარსობრივი დატვირთვის მქონე ცვლილება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე