რეზონანსი
(18.10.2022)

სამწუხაროდ არასწორი აღქმა გაჩნდა ჩემს კომენტარზე, რომელიც ამ [ვაკის პარკის ტრაგედიის] დღეს გავრცელდა. ჩემი შეცდომა იყო, რომ მე არ მქონდა ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ინფორმაციაც იმ წუთში, იმ დროს ვრცელდებოდა, როდესაც მე კომენტარზე ვიდექი და დავეყრდენი ჟურნალისტის კითხვას, საიდანაც შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი სამშენებლო მოედანზე ხდებოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

ასევე დეპუტატმა მადლობა გადაუხადა ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებმაც მისივე თქმით, როგორც პირად საუბრებში, ასევე საჯარო კომენტარებშიც სწორად შეაფასეს მისი კომენტარი.

“მადლობა მინდა ვუთხრა პრაქტიკულად მთლიანად საპარლამენტო ოპოზიციას, რომლებმაც როგორც პირად საუბრებში, ასევე საჯარო კომენტარებშიც სწორად შეაფასეს ჩემი კომენტარი და ყველა ადამიანი, რომელსაც არ აქვს ვთქვათ დაინტერესება, რომ პოლიტიკური ჩირქი მოგცხოს მიხვდებოდა, რომ მე მსგავსი არაფერი მიგულისხმია. ეს იყო სხვა დროს და სხვა კონტექსტში გაკეთებული კომენტარი”, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ინფორმაციისთვის, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ იქ, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, ბავშვები არ უნდა თამაშობდნენ.

ჟურნალისტმა დეპუტატ გიორგი ამილახვარს კითხვის დასმის დროს უთხრა, რომ ვაკის პარკის შადრევანთან სკოლის მოსწავლეები სეირნობდნენ, მათ ბურთი ჩაუვარდათ, იქ ჩახტა გოგონა, რა დროსაც მას დენმა დაარტყა. ჟურნალისტმა ამილახვარს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია და როდესაც მოსწავლეები გადაადგილდებიან, უნდა იყოს თუ არა უსაფრთხოების წესები დაცული, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. ჟურნალისტმა ასევე დამატებით იკითხა, როდესაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, უნდა იყოს თუ არა უსაფრთხოების ისეთი ზომები მიღებული, რომ ბურთი არ ჩავარდეს და ბავშვს დენმა არ დაარტყას.

"ვაკის პარკში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია. ბავშვები თამაშობენ, ჩაუვარდათ ბურთი, ეს ბავშვი ალბათ არასრულწლოვანი იყო და არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ იმ ადგილას, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, მისი ჩასვლა არ მოხდეს. ბუნებრივია, შეიძლება მსგავსი ტექნიკური შეფერხებები იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს - არამხოლოდ ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის. ამაზე ახლა რაიმე პასუხისმგებლობას თხოვთ, ვის?! ამას სერიოზულად მეკითხებით?! ცხადია, უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს! იქ სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, არ შეიძლება საერთოდ ბავშვები თამაშობდნენ ბურთს, ასეთი ფაქტი თუ მოხდა, ეს ბუნებრივია ძალიან ცუდია, საწყენია, არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ის, რომ ბურთი ჩაუვარდა და თვითონ ჩავიდა იმის ამოსაღებად, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ამაზე განმარტება მგონი ზედმეტია“, - განაცხადა ამილახვარმა.

შემდეგ დეპუტატმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ როდესაც ჟურნალისტმა კითხვით მიმართა, მას ინფორმაცია არ ჰქონდა რეკონსტრუქციის სტატუსის შესახებ და არც მომხდარი ტრაგედიის შესახებ.

გიორგი ამილახვარის თქმით, განცხადების გაკეთების მომენტისთვის, ის ფიქრობდა, რომ ვაკის პარკში რეკონსტრუქცია ჯერ ისევ მიმდინარეობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე