რეზონანსი
(18.10.2022)

აშშ ძლიერ უჭერს მხარს საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს, - განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა ქრონიკის კითხვის საპასუხოდ.

„მნიშვნელოვანი სიგნალები გვაქვს ორივე ქვეყნისთვის ევროკავშირის მხრიდან ევროკავშირში მათ მომავალთან დაკავშირებით. ვაგრძელებთ მოლდოვასა და საქართველოსთან მუშაობას, რათა მხარი დავუჭიროთ მათ რეფორმების განხორციელებაში, რაც დააჩქარებს მათ გაწევრიანებას ევროკავშირში. ჩვენ ამ დახმარებას ვათანხმებთ ჩვენს ევროპელ პაერტნიორებთან ერთად, რათა დავეხმაროთ საქართველოსა და მოლდოვას რეფორმების განხორციელებაში, იქნება ეს კორუფციის საწინააღმდეგო თუ სასამართლო რეფორმა. ამ დახმარების გაწევის ერთგულნი დავრჩებით. მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა ძალიან მკაფიოა, მათ იციან რა უნდა გააკეთონ და მზად არიან, ეს გააკეთონ", - აღნიშნა კარენ დონფრიდმა.

მან ასევე ისაუბრა უკრაინაში რუსთის ომზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ომი ვლადიმირ პუტინმა აირჩია.

„ის, რაც 24 თებერვალს ვიხილეთ იყო უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და სასტიკი თავდასხმა. რასაც აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად აკეთებს არის ის, რომ ცდილობს უკრაინას თავის დაცვაში დაეხმაროს. თქვენ ხედავთ, რომ აშშ უკრაინას უპრეცედენტო დახმარებას უწევს, იქნება ეს სამხედრო, ეკონომიკური თუ ჰუმანიტარული დახმარება. ჩვენ უკრაინის მხარდაჭერის ერთგულნი ვრჩებით. ამ დახმარებით გვსურს უზრუნველვყოთ, რომ როდესაც მოლაპარაკებების მაგიდასთან მივალთ უკრაინა ყველაზე ძლიერ პოზიციაში იყოს. რასაც ვაკეთებთ შეიძლება უპრეცედენტო იყოს, თუმცა რასაც უკრაინელები აკეთებენ ჩვენთვის შთაგონებაა. მათი სიმამაცე, თუ როგორ უწევენ რუსეთს წინააღმდეგობას, როგორ დევნიან მათ თავიანთი სუვერენული ტერიტორიიდან დიდებულია. ეს არის ის მესიჯი, რომელსაც ვლადიმირ პუტინი იღებს უკრაინელებისგან. გასულ კვირას გაეროში 143-მა სახელმწიფომ მას უთხრა, რომ რასაც ის აკეთებს არასწორია, რომ უკრაინის ტერიტორიების ანექსია მიუღებელია. ხერსონი უკრაინაა, ზაპოროჟიე უკრაინაა, დონბასი უკრაინაა, ეს არის მესიჯი, რომელიც მსოფლიოსგან მოდის. ვიმედოვნებთ, რომ ვლადიმირ პუტინი ისმენს ამ მესიჯს და დაასრულებს ომს", - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე