რეზონანსი
(17.10.2022)

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, გამოძიება გრძელდება, რომლის ფარგლებშიც პასუხისმგებელი პირების და ორგანიზაციების მთელი ჯაჭვი იშლება. ამ ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი რგოლი სწორედ ლაშა ფურცხვანიძე და მისი კომპანია "გრინსერვის პლიუსია", რომელმაც ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია განახორციელა.

მორალურ ნაწილში სინანულს გამოთქვამს ყველა, თუმცა სამართლებრივად პასუხისმგებელი არც ორგანიზაცია და არც კონკრეტული პირები ჯერ არ გამოკვეთილან. გამოკითხულთა შორის არიან როგორც სამუშაოს შემსრულებლები, ასევე ისინი, ვინც დაუკვეთა და ჩაიბარა. თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი და სხვა მაღალჩინოსნები. მერის მოადგილემ მედიას დღეს განუცხადა, რომ შეუძლებელია თვითმმართველ ორგანოს სამართლებრივი დარღვევა ჰქონდეს. მეტიც - დარღვევა დასაბუთებული და არაერთი ინსპექტირების შედეგად დადასტურებული პროექტის არჩაბარება იქნებოდა.

ვაკის პარკის შადრევნის საქმეში დღეს ერთ ერთი მთავარი რგოლის სახელი გახმაურდა. ეს არის "მშენექსპერტი". სწორედ ამ კომპანიას უნდა შეესწავლა ვაკის პარკში ობიექტის უსაფრთხოება. ამ კომპანიის ოფისში დღეს კარი დაკეტილია და არც სატელეფონო ზარს პასუხობენ. სავარაუდოდ, მათი ინსპექტორები და დასკვნების ავტორები პოლიციაში უკვე გამოკითხეს. მათი და სხვა კომპანიების მიერ დაწერილ დასკვნებს, შესრულებულ სამუშაოებს და ტექნიკას ახლა, შსს-ს ექსპერტებთან ერთად, სამხარაულის ექსპერტიზაც იკვლევს.

"მშენექსპერტის" თანამშრომლები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში კი ცოტა ხნის წინ კახა მურადაშვილი მივიდა, თუმცა მედიასთან არც მას უსაუბრია და თქვა, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

წყარო: „რუსთავი2"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე