რეზონანსი
(17.10.2022)

თბილისი მერი, კახა კალაძე „ეკო სერვისის" თანამშრომელს, დევი მეზურნიშვილს შეხვდა, რომელმაც ვაკეში მომხდარი ტრაგედიის დროს ორი ბავშვი გადაარჩინა. შეხვედრის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც „იმედინიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, თბილისის მერმა დევი მეზურნიშვილს მადლობა გადაუხადა. "მთელი ცხოვრება მადლობელი ვიქნები თქვენი",-უთხრა მას კახა კალაძემ.

სწორედ ვაკის პარკის უფროსმა მებაღემ, დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა ორი მოზარდი შადრევნიდან. დევი მეზურნიშვილის თქმით, იმ წუთებში მხოლოდ ბავშვების გადარჩენაზე ფიქრობდა.

„ეს არ იყო გმირობა, რაც შევძელი გავაკეთე, მეტი არაფერი. სამი შვილის მამა ვარ და იმ წუთებში მხოლოდ ბავშვების გადარჩენაზე ვფიქრობდი. ბედნიერი ვიქნებოდი გოგონაც რომ ცოცხალი იყოს. ამ დღის გახსენებაზე სულ ვტირი", - განაცხადა დევი მეზურნიშვილმა დედაქალაქის მერთან შეხვედრაზე.

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე