რეზონანსი
(15.10.2022)

პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 13 ოქტომბრის რეზოლუციას საქართველოს მხარდაჭერა ექნებოდა, „რომ არა ნაუცბადევი შეპარება რამდენიმე წინადადების პროცესის ბოლოს".

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, 600-კაციან ასამბლეაში მხოლოდ 56-მა ადამიანმა დაუჭირა აღნიშნულ რეზოლუციას მხარი.

„ჩვენი დელეგაციის წევრები ამ რეზოლუციის ერთ-ერთი თანაავტორები იყვნენ. ამიტომ, ამ რეზოლუციას საქართველოს მხარდაჭერა ექნებოდა რომ არა, ნაუცბადევი შეპარება რამდენიმე წინადადების პროცესის ბოლოს.

როგორც ვნახეთ, 600-კაციან ასამბლეაში მხოლოდ 56-მა ადამიანმა დაუჭირა ამას მხარი, თუმცა იმდენად იყო მონაწილეთა რაოდენობა, რომ ხმების ეს რაოდენობა საკმარისი აღმოჩნდა რეზოლუციის გასვლისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ეს არის ერთგვარი პარტიული ინტერესის გატარება საერთაშორისო ორგანიზაციაში", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც არის საუბარი. კერძოდ კი, აღნიშნულია:

„ასამბლეა ასევე მოუწოდებს, გადაიხედოს სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეები, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ გამოდიან რუსეთში და სხვა ქვეყნებში და გათავისუფლდნენ ისინი (მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის მოქალაქე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი)", - ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია 13 ოქტომბერს დაამტკიცა, რომელშიც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად არის გამოცხადებული. ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე