რეზონანსი
(15.10.2022)

რუსთავში, 19 წლის შვილის მიერ დაჭრილი 38 წლის ქალი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მედიკოსების ინფორმაციით, ქალს ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული.

მას სამ საათიანი გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მკურნალი ექიმის ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და არის მართვით სუნთქვაზე.

„38 წლის ქალბატონი შემოიყვანეს, რომელსაც აღენიშნებოდა მუცლის წინა კედელზე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა. 15 წუთში იქნა შეყვანილი საოპერაციოში, ჩატარდა საკმაოდ მძიმე ოპერაცია. მრავლობითი დაზიანება იყო წვრილი ნაწლავის. ოპერაციის შემდგომ მოხდა რეანიმაციულ განყოფილებაში, ახლა იმყოფება მართვით სუნთქვაზე. მდგომარეობა სტაბილურია," - ამბობს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, პაპუნა ბახტაძე.

რაც შეეხება თავად ფაქტს, არსებული ინფორმაციით, 19 წლის შვილსა და დედას შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი უკვე დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე