რეზონანსი
(13.10.2022)

"ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის განცხადებით, ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი ხელოვნურ სუნთქვაზე რჩება.

ექიმის ინფორმაციით, მოზარდის სასიცოცხლო ფუნქციები ამ ეტაპზე ნორმის ფარგლებშია.

"ამ წუთისთვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია. მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით კვლევა. ვიმედოვნებთ, რომ კარგად იქნება. თუმცა არსებობს გარკვეული ტიპის გართულებები, რომლებიც ვიცით და ველოდებით. მზად ვართ ამ გართულებებისთვის. ბავშვი არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ანუ ხელოვნურ სუნთქვაზე, გონება დაბინდულია. იყო ელექტროტრავმა, შოკი. მიიყვანეს ხეჩინაშვილში, სადაც ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაიყვანეს, შემდეგ მოხდა ჩვენთან გადმოყვანა.

მოსალოდნელი გართულებები ყოველთვის შესაძლოა მოხდეს, 72 საათი მინიმუმ," - განაცხადა დავით ციბაძემ.

ცნობისთვის, ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ მოზარდებს დენმა დაარტყა. შემთხვევა დღეს მოხდა. როგორც თვითმხილველები "კურიერს" უყვებიან, ბავშვები ბურთით თამაშობდნენ, რომელიც შადრევანში ჩავარდა. თვითმხილველების თქმითვე, თავდაპირვლად შადრევანში ერთი ბავშვი ჩავიდა და გონება დაკარგა, შემდეგ კი ორი თანაკლასელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე