რეზონანსი
(12.10.2022)

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ჰერმან გალუშჩენკოს ცნობით, 10 ოქტომბრის შემდეგ უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შედეგად ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურის დაახლოებით 30% დაზიანდა.

მინისტრის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა ომის დაწყების შემდეგ, როცა რუსეთი სპეციალურად ესხმის თავს ენერგოინფრასტრუქტურას.

გალუშჩენკოს განცხადებით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ უკრაინას ელექტროენერგია ევროპაში ექსპორტზე გააქვს, რათა დაეხმაროს ევროპულ ქვეყნებს, რუსეთის გაზსა და ქვანახშირზე ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული. მინისტრის თქმით, უკრაინა ცდილობს სწრაფად აღიდგინოს ელექტროენერგიის მარაგები სხვა წყაროებიდან.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა უკრაინა დამატებით ენერგო წყაროებს ევროპიდან, გალუშჩენკომ განაცხადა, რომ ეს ერთ-ერთი შესაძლებლობაა. მინისტრის თქმით, უკრაინის ენერგოსისტემა კვლავ სტაბილურია, თუმცა პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა, გადასცენ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაც მათ ინფრასტრუქტურის დასაცავადაც გამოადგებათ.

10 ოქტომბერს რუსეთმა საჰაერო იერიში უკრაინის რამდენიმე რეგიონზე მიიტანა. სარაკეტო თავდასხმა კიევის, ჟიტომირის, ლვივის, ვინიცას, კიროვოგრადის, მიკოლაივის, პოლტავას, ტერნოპილის რეგიონებში ისმოდა. რუსული ძალები მიზანმიმართულად აზიანებენ ინფრასტრუქტურას.

ამავე დღეს კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ რუსული დაბომბვის შედეგად დედაქალაქისა და კიევის რეგიონის მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა კი მოსახლეობას მოუწოდა, საღამოს 17:00-დან 22:00 საათამდე შეზღუდულად გამოიყენონ ელექტროენერგია.

11 ოქტომბერს მტრის თავდასხმების შედეგად ელექტროენერგიის დეფიციტის გამო რეგიონში შუქი გაითიშა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე