რეზონანსი
(09.10.2022)

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უკრაინაში რუსული ჯარების მეთაურად არმიის გენერალი სერგეი სუროვიკინი დანიშნა. სუროვიკინი 2017 წლიდან რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს მეთაურობდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კი „სამხრეთის“ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, რომელმაც ივნისში ლუგანსკის ოლქში სევეროდონეცკი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავდაცვის უწყებამ პირველად გამოაცხადა მეთაურის დანიშვნის შესახებ, ვინაიდან აქამდე მხოლოდ ჯარების დაჯგუფებების მეთაურების ვინაობა სახელდებოდა. უკრაინაში რუსული არმიის მეთაურების შესახებ მხოლოდ არაოფიციალური წყაროებიდან იყო ცნობილი. ასე, აპრილში BBC წერდა, რომ უკრაინაში რუსულ ჯარებს არმიის გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი მეთაურობდა. მოგვიანებით Conflict Intelligence Team-ის დამოუკიდებელი მკვლევარები ამბობდნენ, რომ უკრაინაში რუსული ჯარების სათავეში თავდაცვის მინისტრის მოადგილე გენადი ჟიდკო იდგა.

სერგეი სუროვიკინი 55 წლისაა, ის მსახურობდა სპეცდანიშნულების დანაყოფებში, მათ შორის ავღანეთში. მონაწილეობდა ტაჯიკეთის შეიარაღებულ კონფლიქტში და ჩეჩნეთის მეორე ომში. 2017 წლის მაისში სუროვიკინი სირიაში რუსული ჯარების მეთაურად დაინიშნა, თუმცა რამდენიმე თვეში საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაური გახდა, 2017 წლის დეკემბერში კი სირიაში ჩატარებული ოპერაციისთვის რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე