რეზონანსი
(08.10.2022)

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდის საავტომობილო მონაკვეთი ნაწილობრივ ჩამოინგრა და წყალშია.

რუსული მედიის ინფორმაციით კი, ხიდზე მოძრაობა შეწყვეტილია. ამასთან, რუსული მედია საშუალებები რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ხიდის საავტომობილო გზის ორი მონაკვეთი ნაწილობრივ ჩამოინგრა.

„დღეს, მოსკოვის დროით 06:07 საათზე, ტამანის ნახევარკუნძულის მხარეს ყირიმის ხიდის საავტომობილო გზის ნაწილზე, სატვირთო მანქანის აფეთქება მოხდა, რამაც მატარებლის შვიდი საწვავის ავზის აალება გამოიწვია. მატარებელი ყირიმის ნახევარკუნძულისკენ მიემართებოდა. ხიდის ორი საავტომობილო მონაკვეთი ნაწილობრივ ჩამოინგრა", - აცხადებენ რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში.

რუსეთში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია და რუსეთის პრეზიდენტმა პირადად გასცა ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიების და მიყენებული ზიანის აღმოფხვრის განკარგულება.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე