რეზონანსი
(06.10.2022)

დასავლეთი აპირებს ბოლომდე წავიდეს რუსეთის წინააღმდეგ და შემოიღოს ახალი უაზრო შეზღუდვები, განურჩეველი სანქციების შედეგები შეეხება ყველა ქვეყანას, ნორმალური საერთაშორისო ვაჭრობის გარეშე ქაოსს და სიღარიბეს იგრძნობენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„ილუზია არ არის. დასავლეთი აპირებს რუსეთის წინააღმდეგ წასვლას. მის წინააღმდეგ მიმართული ახალი უაზრო შეზღუდვების შემოღებით, ისევე როგორც გასულ წლებში, ახლაც იმედოვნებს, რომ მაქსიმალურად შეაფერხებს რუსეთის ეკონომიკას. ასეთი განურჩეველი სასანქციო იარაღის ნასხლეტების გამოყენება გავრცელდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე და უდანაშაულო ადამიანებზე. ამავდროულად ნორმალური საერთაშორისო ვაჭრობის გარეშე ქაოსს და სიღარიბეს პლანეტის ყველა კუთხეში შეიგრძნობენ" , - აცხადებს მედვედევი.

მედვედევმა ევროკავშირის სანქციები "ჯოჯოხეთს" შეადარა და ურჩია კიდევ უფრო მეტად „გაცოფდნენ".

„ჯოჯოხეთური სანქციები" მერვე წრეზე გადავიდა. მოგეხსენებათ, ჯოჯოხეთში ცხრა წრეა. ასე რომ, რეზერვები ჯერ კიდევ არსებობს. დაე, ჩვენი მტრები გაცოფდნენ. ყოველივე ამის შემდეგ, უკვე დიდი ხანია ცხადია, რომ ამ წრეების შემოხვევა „ცოდვილისთვის" განსაკუთრებული ზიანის გარეშე ტყუილი შრომაა. თანაც ძვირია", - დაწერა მედვედევმა ტელეგრამის არხზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე