რეზონანსი
(06.10.2022)

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, საქართველოს მოქალაქეებმა როდის უნდა იგრძნონ? - ცოტა გაოცებული ვარ იმ სიმშვიდით და თავდაჯერებულობით, რომელიც თქვენგან გამოსჭვიოდა,- ასე მიმართა "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ვიცე პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს.

როგორც ნაცვლიშვილი განმარტავს, ის მინისტრისგან ეკონომიკური პოლიტიკის და პოლიტიკური ხედვის მოსმენას ელოდა.

„სიმართლე გითხრათ, მე უფრო მოველოდი ეკონომიკური პოლიტიკის და პოლიტიკური ხედვის მოსმენას, არა მხოლოდ ამ ციფრებს. ციფრები შეიძლება იმატებდეს და ეს კარგია. ნამდვილად არ მინდა ეჭვი შევიტანო თქვენს მიერ გადმოცემულ ფაქტებში. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, საქართველოს მოქალაქეებმა როდის უნდა იგრძნონ?! ვერ გრძნობენ საქართველოს მოქალაქეები ამას. ასე კარგად რომ იყოს მდგომარეობა, როგორც თქვენ გვიყვებოდით, ისტორიულ მაქსიმუმზე არ იქნებოდა იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც საქართველოდან გარბის ოჯახებით. ასე კარგად რომ იყოს მდგომარეობა, როგორც გვიყვებოდით, ისტორიულ მაქსიმუმზე არ იქნებოდა ქვეყნის საგარეო ვალი, რომელსაც ჩვენ ვერ გადავიხდით რამდენი წელიც არ უნდა ვიცოცხლოთ. ისტორიულ მაქსიმუმზე არ იქნებოდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა. ამ სოციალურად დაუცველთა რაოდენობაში ძალიან ბევრი ათასი ადამიანი არ შედის, სასაცილო მიზეზების გამო კარგავენ ქულებს. ცოტა გაოცებული ვარ იმ სიმშვიდით და თავდაჯერებულობით, რომელიც თქვენგან გამოსჭვიოდა",- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე