რეზონანსი
(17.09.2022)

საჯარო სკოლებში, დღეს არსებულის გარდა, სხვა უცხო ენების სწავლების უფლება იმ პედაგოგებსაც ექნებათ, ვისაც კომპეტენცია საგნის გამოცდით არ დაუდასტურებიათ - ამის შესახებ გათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ვალერიან გობრონიძე იუწყება.

"ეს სქემა სკოლას აძლევს საშუალებას, მიიღოს მოწვეული მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ამ განსხვავებულ საგნებს, თუმცა, წარმოდგენილი კანონპროექტით გვინდა, რომ შევთავაზოთ ალტერნატიული გზა, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში, პირი გათავისუფლდეს ამ საგნის გამოცდის ვალდებულებისაგან და იგი ამ სახით შევიდეს მასწავლებლის პროფესიაში", - თქვა განათლების კომიტეტის სხდომაზე ვალერიან გობრონიძემ.

ვალერიან გობრონიძემ ასევე განმარტა, რომ მასწავლებლის გამოცდილება სკოლაში გამართული კონკურსის საფუძველზე შეიძლება გაირკვეს.

"საგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს, კონკურსის პირობებში რომელ კანდიდატს მისცემს უპირატესობას. გარდა ამისა, რეგულაცია, რომელიც შემოდის, ამ პირებს, რომლებიც მანამდე მუშაობდნენ მოწვეულ პედაგოგად და რომელზედაც არ ვრცელდებოდა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა, უკვე მოექცევიან ამ რეგულაციის ფარგლებში და მათზე გავრცელდება ყველა ის რეგულაცია, რომელიც ამ კანონქვემდებარე აქტით (მასწავლებლის სქემით ავტ.) არის დადგენილი", - აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე