რეზონანსი
(05.09.2022)

ჩვენ ვნახეთ ერთის მხრივ, საპარლამენტო მუშაობის ფორმატი, ინკლუზიური და გამჭვირვალე, მეორეს მხრივ კი ვნახეთ, პარტიული ფორმატი, სადაც 3 პარტია ერთმანეთში თათბირობდა და რა თქმა უნდა ეს არ არის ის სამუშაო, რასაც ევროკავშირი ჩვენგან მოელოდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს 3 პარტია საკომიტეტო საქმიანობაში ჩაერთვება.

„რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილის გეგმებს, ვხედავთ, რომ კვლავ უარს აცხადებს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვაზე და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში მუშაობაზე. ჩვენ, სამუშაო ჯგუფებმა, რამდენიმემ ფაქტობრივად თითქმის ბოლომდე მიიყვანა საკუთარი მუშაობა. იცით, რომ ჩვენი გეგმის მიხედვით, სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე მოხდება უკვე ყველა ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის წარმოდგენა და შემდეგ, უკვე ნოემბერ-დეკემბრამდე, მესამე მოსმენით მოხდება ამ გრაფიკების მიხედვით კანონპროექტების მიღება. მართალია ისინი [რადიკალური ოპოზიცია] არ ჩაერთნენ საპარლამენტო საქმიანობაში, როდესაც საპარლამენტო სამუშაო ჯგუფები მუშაობდა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საკომიტეტო საქმიანობაში მაინც ჩაერთვებიან, მათ თუ აქვთ რაიმე წინადადებები და იდეები, შეუძლიათ ამ ფორმატში წარმოადგინონ. საპარლამენტო პროცესი არის მხოლოდ ერთი, რომელიც მიმდინარეობდა პარლამენტის რეგლამენტის საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფების ფორმატში, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ იყოს ინკლუზიური პროცესი, განსხვავებით საკომიტეტო საქმიანობისგან. ჩვენ ვნახეთ ერთის მხრივ, საპარლამენტო მუშაობის ფორმატი, ინკლუზიური და გამჭვირვალე, მეორეს მხრივ ვნახეთ, პარტიული ფორმატი, სადაც 3 პარტია ერთმანეთში თათბირობდა და რა თქმა უნდა ეს არ არის ის სამუშაო, რასაც ევროკავშირი ჩვენგან მოელოდა. თავიდანვე ვთქვით, ჩვენ, რომ ეს იყო გამიზნული იმისთვის, რომ პროცესი დაეზიანებინათ, რომ ჰქონოდათ სათქმელი, თითქოს ეს პროცესი არ იყო სრულყოფილი", - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე