რეზონანსი
(05.09.2022)

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის ევროპარლამენტარები, რომლებიც დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე საუბრობენ „ქვეყნის მტრები, ვითომ მეგობრულად შერაცხულები არიან".

როგორც მან აღნიშნულ კონტექსტში ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საქართველოს ევროპული კურსიდან არ გადაუხვევია.

„ისინი ამ ქვეყნის მტრები არიან, ვითომ მეგობრულად შერაცხულები. რაც შეეხება ქვეყნის კურსს, საქართველოს არასდროს გადაუხვევია ამ კურსისთვის, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე, უვიზო მიმოსვლასა და სხვა მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებით. ასევე იმ რეფორმებსაც განახორციელებს, რომელიც აუცილებელია ამ გზაზე.

რაც შეეხება იმ მოთხოვნებს, რომელიც იმისთვის მოგვაწოდეს, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს, ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადებები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ეს ცვლილებები განხორციელდეს",- აღნიშნავს კალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე