რეზონანსი
(23.08.2022)

8 წლის დათი ქოქრაშვილი რამდენიმე თვის წინ მთელმა საქართველომ გაიცნო. სამწუხაროდ, მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა იყო. თუმცა, საბედნიეროდ, ნელ-ნელა ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. დათი რამდენიმე თვეა, ისრაელში მკურნალობს და ახლა მისი დედა კლინიკიდან სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს. 

"ძალიან კარგი ამბავი გვაქვს, დათის ოპერაცია გაუკეთეს, კანი გადაუნერგეს, რითაც ღია ჭრილობები დაიხურა მუცელზე, დუნდულაზე, ასევე, მცირე ჭრილობა გულ-მკერდის არეში. ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია, მაგრამ იმავდროულად, საკმაოდ მძიმე პროცესი. რთული ოპერაცია გადავიტანეთ, ფეხიდან გადაუნერგეს საკმაოდ დიდი ზომის კანი ჭრილობის დასაფარავად და ახლა ძალიან ძლიერი ტკივილები აქვს – ნაოპერაციევიც სტკივა და ფეხიც, საიდანაც კანი აიღეს. ერთი კვირა მაინც სჭირდება, რომ ჭრილობები ცოტა მოშუშდეს და ტკივილებმა იკლოს. იმისთვის, რომ გაუსაძლის ტკივილებს გაუმკლავდეს, ეს რამდენიმე დღე ძალიან ძლიერ მედიკამენტებს აძლევენ და ძირითადად სძინავს. რთული დღეები გვაქვს, ბავშვისთვის რთულია ამ ეტაპის გავლა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჭრილობა დაუხურეს და სიცოცხლესთან შეუთავსებელი რისკები აღარ გვაქვს. ერთ კვირაში გავიგებთ, როგორ მიიღო ორგანიზმმა გადანერგილი კანი. ცოტა ხანი კიდევ შეხორცებას უნდა დაველოდოთ და ასე, ნელ-ნელა ფინალისკენ გავდივართ. ვერ ვიფიქრებდით, რომ აქ ამდენ ხანს მოგვიწევდა გაჩერება. გვეგონა, ჩამოვიდოდით, პროთეზს გაგვიკეთებდნენ და გაგვიშვებდნენ. მაგრამ მთელი ეს დრო ინფექციას ვებრძვით. ის რომ არა, ყველაფერი გაცილებით ადრე მოხდებოდა და ახლა უკვე სახლში ვიქნებოდით. თუმცა, კიდევ კარგად მოვერიეთ ინფექციას. თავის დროზე მითხრეს, ორი პროცენტია მისგან განკურნების შანსიო და მადლობა ღმერთს, ამ ორ პროცენტში მოვხვდით. ინფექცია ორგანიზმში ახლაც არის და წამლების მიღებას ვაგრძელებთ. ძალიან ტოქსიკური წამლებია, ბავშვს თმა გაუქერავა, ცვენაც დაეწყო, მაგრამ მკურნალობის კურსი ექვს თვეს მოიცავს და ის ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. თუმცა, საბედნიეროდ, ჭრილობა უკვე იყო იმ მდგომარეობაში, რომ დახურულიყო.

ოპერაციის შემდეგ, როცა ღვიძავს, ტირილის შეკავება უჭირს, რადგან ძალიან სტკივა. ამბობდა, არ მჯერა, რომ ეს ხდება, არ მჯერა, რომ ეს სინამდვილეაო. განცდებშია – ეშინია, ვერ უყურებს თავის სხეულს. ფეხიდან კანის გადანერგვის შემდეგ, ფეხზეც დიდი ჭრილობა აქვს და ცდილობს, სულ დაფარული ჰქონდეს, არ შეხედოს. ამ მომენტს ძალიან დიდი ხანი ველოდით, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა, თუ ეს ასეთი რთული და მტკივნეული იქნებოდა. იმედია, ყველაფერი კარგად წავა და რამის მეორედ გადატანა არ გახდება საჭირო. მთავარია, ორგანიზმმა მიიღოს გადანერგილი კანი და ინფექცია არ წავიდეს. შემდეგ, წვრილმანები დაგვრჩება მოსაგვარებელი და როგორც გვეუბნებიან, სექტემბრის დასაწყისში გამოგვწერენ. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გაუკეთებენ. იმპლანტზე ან პროთეზზე საუბარი ადრეა. ჯერ ჭრილობა კარგად უნდა შეხორცდეს. წელიწად ნახევარი-ორი წელი მაინც უნდა გავიდეს, რომ იმპლანტის ჩადგმა მოხერხდეს. გვთავაზობენ, რომ ეს ამერიკაში გავიკეთოთ, მაგრამ ძალიან ძვირი ჯდება და არ ვიცი, რამდენად შევძლებთ. ნელ-ნელა დეტალებს ვარკვევთ და ძალიან გვინდა, რომ გამოგვივიდეს.

ზოგადად, დათიკო ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი, მაგრამ რაღაც მომენტში, რომ იცინის, უცებ შეიძლება, ტირილი დაიწყოს. მიზეზს შეშინებული ვეკითხები ხოლმე, მგონია, რომ ცუდად არის და მეუბნება: სახლში მინდა, ჩემი ძმები მენატრებიან, მეგობრები და ჩვენი ძაღლი მენატრებაო. უცებ მოაწვება ხოლმე ემოციები და ტირის. აღარ მინდა აქ, წამიყვანეთ, რატომ მტანჯავთო. ასეთ ტექსტებს რომ მეუბნება, გული მიკვდება, მაგრამ რას ვიზამთ?! ერთი სული აქვს, როდის წავა სახლში და თუ დროულად წავედით, ეს ძალიან კარგად აისახება მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. სახლში უფრო გაძლიერდება.

მეორე ფეხი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მოტეხილი აქვს და მეტალი უდგას. ამიტომ დაბრუნების შემდეგ, აუცილებლად დაგვჭირდება ფიზიოთერაპიის კურსის გავლა. ასე რომ, სარეაბილიტაციო ცენტრის გარეშე არ გამოვა, თუმცა, ძირითადად სახლში ვიქნებით.

კიდევ ერთი სიახლე გვაქვს – დათიკომ ეტლზე დაჯდომა შეძლო. ამ მომენტის ყველას ძალიან გვეშინოდა, გვეგონა ამხელა ჭრილობით ვერ დაჯდებოდა, მაგრამ იმდენად მონდომებული იყო, რომ მაინც შეძლო. ერთ საათზე მეტხანს ვერ ძლებს, ტკივილები ეწყება, მაგრამ ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს. უნდა გენახათ, როგორი ემოციური იყო ის მომენტი, როცა პირველად დაჯდა. ძალიან ბევრი იტირა და მერე ამბობდა, ახლა მივხვდი, რა არის სიხარულის ცრემლებიო. თვითონაც და ჩვენც, ყველანი, ბედნიერებისგან ვტიროდით.

მეორე ფეხი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მოტეხილი აქვს და მეტალი უდგას. ამიტომ დაბრუნების შემდეგ, აუცილებლად დაგვჭირდება ფიზიოთერაპიის კურსის გავლა. ასე რომ, სარეაბილიტაციო ცენტრის გარეშე არ გამოვა, თუმცა, ძირითადად სახლში ვიქნებით.

კიდევ ერთი სიახლე გვაქვს – დათიკომ ეტლზე დაჯდომა შეძლო. ამ მომენტის ყველას ძალიან გვეშინოდა, გვეგონა ამხელა ჭრილობით ვერ დაჯდებოდა, მაგრამ იმდენად მონდომებული იყო, რომ მაინც შეძლო. ერთ საათზე მეტხანს ვერ ძლებს, ტკივილები ეწყება, მაგრამ ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს. უნდა გენახათ, როგორი ემოციური იყო ის მომენტი, როცა პირველად დაჯდა. ძალიან ბევრი იტირა და მერე ამბობდა, ახლა მივხვდი, რა არის სიხარულის ცრემლებიო. თვითონაც და ჩვენც, ყველანი, ბედნიერებისგან ვტიროდით" - განუცხადა "თბილისელებს" დათის დედამ ქრისტინე მამუკაშვილმა.

"თბილისელები"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე