რეზონანსი
(22.08.2022)

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი აცხადებს, რომ მაქსიმალური ჩართულობაა იმისთვის, რომ ხანძრის კერები ლოკალიზებული იყოს.

მისი თქმით, ტყის ხანძრის ქრობის პროცესში კიდე ერთი ვერტმფრენი ჩაერთვება.

​„პრემიერის დავალებით ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა მობილიზებული. მოყვანილია ყველა შესაბამისი ტექნიკა, რომელიც საჭიროა ხანძრის ლოკალიზებისთვის. მიმდინარეობს სამუშაოები. უბრალოდ სიტუაციას ის გარემოება ართულებს, რომ რის მაღალი ტემპერატურა, სრულიად არის გამომშრალი ნიადაგი ტყეში და ხდება სწრაფი აალება და ხანძრის კერების სწრაფი გავრცელება. მუშაობს 3 ვერტმფრენი, ერთიც დაემატება და მაქსიმალური ჩართულობაა იმისთვის, რომ ხანძრის კერები ლოკალიზებული იყოს", - განაცხადა არბოლიშვილმა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში რამდენიმე ხანძრის კერა 21 აგვისტოს, დილიდან წარმოიქმნა. სამუშაოებს ძლიერი ქარი და რთული, კლდოვანი რელიეფი ართულებდა.

ბორჯომში, ზორეთის ტერიტორიაზე ტყის მასივში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა და მეხანძრე-მაშვლებმა კერის ლიკვიდირება მოახერხეს, თუმცა ძლიერმა ქარმა ცეცხლის ძველი კერები გააღვივა და შედეგად, ახალი კერებიც წარმოიქმნა.

პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ბორჯომში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილებისა და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე