რეზონანსი
(05.08.2022)

რუსი სამხედრო ძალების მიერ დროებით ოკუპირებული მარიუპოლის საავადმყოფოებში მედიკამენტებისა და სამედიცინო პერსონალის უკმარისობის გამო, ყოველი მეოთხე პაციენტი იღუპება, - ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშენკომ განაცხადა.

„საავადმყოფოებში ფაქტობრივად, ყოველი მეოთხე პაციენტი კვდება. მედიკამენტები საკმარისი არ არის. პაციენტებს ცინიკურად სთავაზობენ მედიკამენტები აფთიაქებში შეიძინონ, რომლებიც ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერთან, დენის პუშილინთან დაკავშირებულ ფირმებს ეკუთვნით", - განაცხადა ანდრიუშენკომ.

მისივე თქმით, რუსი სამხედროებისთვის მეტ-ნაკლებად ნორმალური პირობების შესაქმნელად, ადამიანებს დერეფნებში ათავსებენ, სამედიცინო პერსონალის ნაკლებობის გამო კი ისინი ფაქტობრივად, უპატრონოდ არიან მიტოვებულები და აქედან გამომდინარეობს მსხვერპლის მაღალი მაჩვენებელი.

ამასთან, ანდრიუშენკომ განმარტა, რომ ინსულინდამოკიდებული ადამიანები მარიუპოლში ყველაზე მძიმე ვითარებაში არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე