რეზონანსი
(30.07.2022)

გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ტურისტის ოჯახის წევრები  გუდაურის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. გარდაცვლილი ტურისტის მეუღლე განყოფილებაში დაახლოებით, 3 საათი იკითხებოდა. 

განყოფილებაში შესვლამდე მთავარ არხთან საუბრისას, დაღუპულის მეუღლე ამბობს, რომ ტრაგედიის დროს ის და მისი ქალიშვილი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. მათ საკუთარი თვალით ნახეს როგორ დაეშვა ხევში ავარიულად პარაპლანი. 

"პარაპლანით პირველად ჩემი ქალიშვილი დაეშვა, შემდეგ კი ჩემი ქმარი. ძლიერი ქარი იყო, არ ვიცი რა მოხდა. მოგვიანებით გვითხრეს, რომ შემთხვევის ადგილი საკმაოდ რთული რელიეფის იყო, მოვითხოვე ვერტმფრენის გამოძახება. მომხდარიდან მალე მოვიდა ვერტმფრენიც და მაშველებიც, შემთხვევის ადგილს შემოუფრინეს, თუმცა ჩემთვის არაფერი უთქვამთ. მითხრეს, რომ ჩემი ქმრის ცხედარი გუდაურიდან თბილისში გადმოასვენეს, ჩემი მეგობარი და შვილი დაკითხვაზე არიან. ოფიციალური დასტური ჩემი ქმრის გარდაცვალებაზე ჯერ არ მიგვიღია", - ამბობს შერილ მორალ ტიმანი.

ცნობისთვის, გუშინ გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ადგილზე მაშველები გამოიძახეს, თუმცა ვერტმფრენმა, რომელიც დაშავებულის ამოსაყვანად მიდიოდა, ავიაკატასტროფა განიცადა. შედეგად ბორტზე მყოფი რვავე პირი დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე