რეზონანსი
(30.07.2022)

ტექნიკური მახასიათებლები არაფერში გადარდებთ, მთავარია უბედურება პოლიტიკური ქულების საწერად გამოიყენოთ და ამით დაიკმაყოფილოთ წყურვილი, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გუდაურში მომხდარ ტრაგედიას.

მისი თქმით, რა შუაშია ვერტმფრენის წარმომავლობა და ტექნიკური მახასიათებლები, როდესაც სპეციალისტებმა ისაუბრეს ვერტმფრენის გამართულობაზე და თუნდაც, იმ „პუმასთან" შედარებით, განსაკუთრებულ უპირატესობაზე.

„რამხელა ტრაგედია მოხდა, სიტყვებითაც ვერ გამოხატავ, სამძიმრის თქმაც რომ გიჭირს და გირჩევნია საერთოდ დადუმდე, გაჩუმდე, გაითავისო ეს უბედურება...

თუმცა, არანაკლებ დიდ უბედურებას აღმოაჩენ იმ ადამიანების სახით, ვინც ცდილობს პოლიტიკური ქულები დაიწეროს და საკუთარი ეგო დაიკმაყოფილოს მომხდარი ტრაგედიით...

ვინა ხართ, რა ჯიშის და მოდგმის გამოდექით?! ასე უბედურებებით როგორ იკვებებით და ცხოვრობთ?! ან რა გიღირთ ეგ დამპალი საქმე რასაც ემსახურებით?!...

რა შუაშია ვერტმფრენის წარმომავლობა და ტექნიკური მახასიათებლები, როდესაც სპეციალისტებმა ისაუბრეს ვერტმფრენის გამართულობაზე და თუნდაც იმ თქვენ „პუმასთან" შედარებით, განსაკუთრებულ უპირატესობაზე?! ისე თავის დროზე იმ თქვენმა „უსამშობლო" ბელადმა რომ შეიძინა ეგ „პუმა" საკუთარი კომფორტისთვის ეგეც კარგად იცით და მისი სამაშველო ოპერაციებში გამოუსადეგრობაც... თუმცა, ტექნიკური მახასიათებლები თქვენ არაფერში გადარდებთ, მთავარია უბედურება პოლიტიკური ქულების საწერად გამოიყენოთ და ამით დაიკმაყოფილოთ წყურვილი...

„უსამშობლო ნაძირალების" ბრბო....", - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე