რეზონანსი
(30.07.2022)

„ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. მისი თქმით, მომხდარი არის უდიდესი ტრაგედია და იმედოვნებს, რომ მსგავსი უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად მომავალში ყველაფერი გაკეთდება.

„მინდა, ძალიან დიდი გულისტკივილი გამოვხატო იმ ტრაგედიის გამო, რომელიც გუდაურში დატრიალდა. მართლაც ძალიან მძიმეა ასეთი კადრების ნახვა, მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ ამდენი პროფესიონალი ადამიანი ემსხვერპლა უბედურ შემთხვევას. ეს ძალიან დიდი დანაკარგია საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის დაღუპვა დიდი ტრაგედიაა, მაგრამ ამას ემატება იმ ადამიანთა პროფესიონალიზმი, თავგანწირვა, გაჭირვებისას სხვა ადამიანისთვის დახმარების მზადყოფნა, რომელიც ამ ადამიანებს ჰქონდათ, როცა მიდიოდნენ ტურისტის დასახმარებლად. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ მათ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, თანაგრძნობა მთელ საქართველოს იმისათვის, რომ დავკარგეთ ასეთი არაჩვეულებრივი, თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანები. ეს დიდი ტკივილია და იმედია, მომავალში ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მსგავსი უბედური შემთხვევები თავიდან იქნეს აცილებული და არ შეეწიროს ჩვენი თანამოქალაქეები",- აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ინფორმაციისთვის, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსია. ამასთან გარდაცვლილია უცხოელი პარაპლანისტიც. პარაპლანზე მყოფი საქართველოს მოქალაქე კი, რომელიც დაშავდა, კლინიკაში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე