რეზონანსი
(29.07.2022)

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პარაპლანებით ფრენა დროებით აიკრძალება.

მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე პარაპლანის ჩამოვარდნის ფაქტები ხშირად ხდება და სამთავრობო გუნდი რეგულაციების გამკაცრებაზე იმუშავებს.

„თითქმის კვირა არ გავა, რომ სამაშველო ოპერაციის ჩატარება, ვერტმფრენის ჩართვა არ მოხდეს. არის გარდაცვალების ფაქტებიც. უნდა ვიმუშაოთ, რეგულაციები გამკაცრდეს, ან საერთოდ აიკრძალოს. პარაპლანების ჩამოვარდნა აქ ხშირად ხდება. ქარია, ხეობებია, ან არ არიან პროფესიონალები. როგორ გაიცემა ლიცენზია, საინტერესოა ყველაფერი და ამას აუცილებლად ჩავყვებით. ამ დღეების განმავლობაში, ჩემი აზრით, ყველანაირი პარაპლანებით ფრენა უნდა გაჩერდეს და შესწავლების შემდეგ ლიცენზია იმ ადამიანებზე გაიცეს, ვინც ნამდვილად პროფესიონალები არიან", - განაცხადა მინისტრმა.

გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. დაღუპულია ვერტმფრენის ბორტზე მყოფი რვავე პირი. ამასთან გარდაცვლილია უცხოელი პარაპლანისტიც. პარაპლანზე მყოფი საქართველოს მოქალაქე კი, რომელიც დაშავდა, კლინიკაში გადაჰყავთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე