რეზონანსი
(29.07.2022)

მარტის თვიდან, როდესაც თურქეთიდან მედიკამენტების პირველი შემოტანა განხორციელდა, მნიშვნელოვნად გაიაფდა ეს მედიკამენტები და უკვე ათობით მილიონ ლარს ზოგავს ჩვენი მოსახლეობა ზუსტად იგივე მედიკამენტებში, რომელსაც რამდენიმე თვით ადრე ყიდულობდნენ, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ იყო ის პროცესი, რომელიც შეიძლება მხოლოდ თურქეთის ბაზრის გახსნით დასრულებულიყო.

„ამას მოჰყვა აპრილის თვიდან ელექტრონული რეცეპტების სისტემა, შემდეგ გენერიკების გამოწერის ვალდებულება. ასევე ასრულების ნაწილია ძალიან რთული და აქაც ძალიან ვაქტიურობთ. რაც შეეხება საკითხს, თითქოს, თურქეთში გადაიხედა ტარიფები და მედიკამენტები გაძვირდება, ეს ასე ნამდვილად არ არის. ბოლო თვეებში ვხედავთ, რომ მკვეთრად არის გამყარებული ლარი. ჩვენთან თურქეთიდან იმპორტი ხდება დოლარში. იმ ცვლილებით, რაც მოხდა თურქული ლირის ფასის კორექტირება ევროსა და დოლართან მიმართებით, იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ლარი გამყარდა დღეისთვის და შესაბამისად, თურქეთიდან შემოსულ მედიკამენტებზე ეს არანაირად არ აისახება იგივე გაიაფებული მედიკამენტები შემოვა, რაც თვეების განმავლობაში იყო", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე