რეზონანსი
(28.07.2022)

გაზის კრიზისის გამო, გერმანიის ქალაქ ჰანოვერში, საჯარო შენობებში წყლის გათბობა გამორთეს. ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს გერმანიის პირველი დიდი ქალაქია, რომელმაც რუსეთის მიერ გაზის მიწოდების დრამატულად შემცირების გამო ცხელი წყალი გამორთო.

ჰანოვერში, საჯარო შენობებში ამიერიდან ხელის დასაბანად მხოლოდ ცივი წყალი იქნება ხელმისაწვდომი, შეიზღუდება სპორტულ დარბაზებში წყლის გამათბობლის გამოყენება.

ასევე ენერგიის დაზოგვის მიზნით, გამოირთვება შადრევნები და ღამის ქუჩის განათებები ისეთ შენობებზე, როგორიცაა მაგალითად მერია, მუზეუმები.

ქალაქის მერი, ბელით ონეი ამბობს, რომ მიზანი გაზის გარდაუვალი დეფიციტის საპასუხოდ ქალაქის ენერგიის მოხმარების 15 პროცენტით შემცირებაა.

ახალი წესები ასევე შეეხება გათბობის სისტემებსაც. საჯარო შენობებში აპრილიდან სექტემბრის ბოლომდე გათბობის სისტემა გამოირთვება. ოთახების ტემპერატურა წლის სხვა პერიოდში მაქსიმუმ 20 გრადუსი იქნება, გარკვეულ შემთხვევებში გამონაკლისების გათვალისწინებით.

არსებული მდგომარეობის გამო გერმანელები გააფრთხილეს, რომ მოსალოდნელია გაზის მოხმარების ზომების გამკაცრება და ასევე გადასახადებზე ფასის მომატება.

„​ჯერ ვერ ვიტყვით, რა იქნება გაზის ფასი ნოემბერში, მაგრამ ნამდვილად იქნება გაცილებით მეტი თითოეული ოჯახისთვის",- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰებეკმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე