რეზონანსი
(28.07.2022)

„ქართული ოცნების" მმართველობის დასრულება არის სიკვდილ-სიცოცხლის საქმე ჩვენი ქვეყნის მომავლის, სახელმწიფოს, ჩვენი მომავალი თაობების თავისუფლების და კეთილდღეობის გადარჩენისთვის, - ამის შესახებ „ლელოს" პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში" განაცხადა.

სალომე სამადაშვილის შეფასებით, სანამ ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას, განვითარების შანსი არ არის.

„ბიძინა ივანიშვილის პირადი სასამართლო დავები რომელიღაც ბანკთან, როგორ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს აშშ-სთან, ამას რომ ვარჩევთ დღეს და საუბრობს საზოგადოება, ეს არის თავისთავად ყველაზე კარგი ნიშანი იმის, რომ სანამ ივანიშვილი მართავს ამ ქვეყანას, ამ ქვეყანას არანაირი შანსი განვითარების არ აქვს, რადგან პირდაპირ აქვს მიტაცებული ჩვენი სახელმწიფო ერთ ადამიას საკუთარი ინტერესებისთვის. ამ ადამიანს არანაირი სხვა ინტერესი არასდროს ჰქონია, არც დღეს აქვს და არც მომავალში ექნება, გარდა საკუთარი ფინანსური აქტივების დაცვისა. ვინმეს თუ აქვს სურვილი, რომ ივანიშვილების ოჯახის ფინანსურ კეთილდღეობას უნდა შეეწიროს თქვენი და შემდეგი თაობების მომავალი, ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროკავშირში, სტრატეგიული ურთიერთობები აშშ-სთან, მაშინ, ცხადია უნდა მისცეთ ივანიშვილს უფლება გააგრძელოს ამ ქვეყნის მართვა, მაგრამ თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს ქვეყანა, ჩვენი მრავალათასიანი ისტორიის მქონდე სახელმწიფო რაიმე უკეთესს იმსახურებს, „ქართული ოცნების" მმართველობის დასრულება არის სიკვდილ-სიცოცხლის საქმე ჩვენი ქვეყნის მომავლის და სახელმწიფოს და ჩვენი მომავალი თაობების თავისუფლების და კეთილდღეობის გადარჩენისთვის", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის შეფასებით, საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან და მთავარ სტრატეგიულ მოკავშირესთან, აშშ-სთან ფსკერზეა დასული.

„ნახეთ განცხადებები მთავარი სტრატეგიული მოკავშირეების სენატიდან, ნახეთ რა შეფასებები კეთდება გასული დღეების განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტიდან და სხვა, ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო ის, რაც ვაშინგტონში ვიხილე. 30 წლის მანძილზე არ ყოფილა ასეთ მინიმალურ ნიშნულზე დასული ჩვენი ქვეყნის ურთიერთობები აშშ-თან ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. აქამდე მიიყვანა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის ურთიერთობები დასავლეთთან. ამიტომ ვამბობ, რომ მე პირადად არანაირი მოლოდინი არ მაქვს. თუ დღეს საუბარი არის იმაზე, რომ ამ ქვეყანას რაიმე პერსპექტივა მიეცეს, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების, შემიძლია, კიდევ ერთხელ და პირდაპირ გითხრათ, სანამ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება" ამ ქვეყანაში არის ხელისუფლებაში, არანაირი ევროპული მომავალი არავის არ ემუქრება, რაც გვემუქრება არის ის, რომ რაც მოპოვებული გვაქვს ესეც ეტაპობრივად დავკარგოთ. ქვეყანა უკვე მისულია ფსკერამდე. ფსკერზეა დასული ჩვენი ურთიერთობები დასავლეთთან და მათ შორის ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან, სხვა შეფასებას ვერ გავუკეთებთ", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება" ჩამოწერილი პოლიტიკური ძალაა და ვაშინგტონში უკვე არანაირი მოლოდინი აღარ აქვთ, რომ ხელისუფლება ქვეყნის არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად რაიმე ნაბიჯებს გადადგამს.

„ჩვენ ქვეყანას არანაირი შანსი არ აქვს, რომ რაიმე რეფორმა გაატაროს, რომელიც ჩვენ გაგვიხსნის კარს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. გამოსავალი არის იმაში, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ამიტომ, ის პროცესი რაც ოპოზიციამ დაიწყო არის მნიშვნელოვანი, მე ამას ასე ვუყურებ, რომ ეს არის სამოქმედო გეგმა მოვალისთვის, როცა ხელისუფლება შეიცვლება. ნურავის ნუ ექნება ტყუილი მოლოდინი. „ქართული ოცნება" ეს არის ჩამოწერილი პოლიტიკური ძალა, მე ახლა დავბრუნდი ვაშინგტონიდან და შემიძლია გითხრათ, რომ მოლოდინიც არა აქვს არავის ვაშინგტონში, რომ ივანიშვილი და ეს ხელისუფლება რაიმე ნაბიჯებს გადადგმას იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს უმძიმესი კრიზისიდან, მოლოდინიც აღარ არსებობს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე