რეზონანსი
(28.07.2022)

„ჩვენი მეგობრული რჩევა და გულწრფელი დამოკიდებულება იყო, რომ უკეთესი იქნებოდა, ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის [აშშ-ის] ელჩს, გაეკეთებინა მკაფიო განცხადებები, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფერს წერტილს დაუსვამდა, კითხვის ნიშანი აღარ დარჩებოდა", - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბორჯომში, ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის ელჩის დღევანდელ განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, კელი დეგნანის მიერ, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის ფაქტზე მკაფიო პასუხის გაუცემლობამ საჭირო გახადა, საკითხზე დამატებითი, შეხვედრის მეორე მხარის განცხადება გაკეთებულიყო.

„რომ არა სხვადასხვა განცხადება, რომელიც არ იყო მკაფიო, ყველაფერს, ძალიან მარტივად, თავშივე დაესმებოდა წერტილი. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები რომ არ გაკეთდა, ამიტომ გაგრძელდა ეს თემა, როგორც ჩანს, ამიტომ გახდა შემდეგ დამატებითი განცხადებების გაკეთება. რამდენიმე კვირის თუ რამდენიმე დღის წინ, ქალბატონ ელჩს რომ ეთქვა: „კი ბატონო, შეხვედრა შედგა", ეს კითხვებს მარტივად დაუსვამდა წერტილს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან საქართველოს ომში ჩართვაზე, შანტაჟზე ან მოქმედებაზე, რომელიც უკავშირდება მისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას, საუბარი არ ყოფილა. დიპლომატმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ელჩის თხოვნით, მას 21 მარტს მართლაც შეხვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე