რეზონანსი
(28.07.2022)

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბორჯომში, ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის ელჩის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. როგორც მან აღნიშნა, კელი დეგნანს შეეძლო, თავიდანვე გაეცა კითხვაზე პასუხი და ეთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მართლაც ჰქონდა. კობახიძის თქმით, პასუხის გაუცემლობამ საზოგადოებაში კითხვის ნიშნები გააჩინა, რომლებსაც პასუხი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ გაეცა.

„სამწუხაროა, რომ ეს ინფორმაცია [ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ] თავიდანვე არ დადასტურდა. რა თქმა უნდა, ელჩს მარტივად შეეძლო კითხვაზე პასუხის გაცემა, მას შეეძლო, ეთქვა, რომ, ომის დაწყების შემდეგ, ეს შეხვედრა შედგა. ასეთ დროს, ბუნებრივია, საზოგადოებას რაიმე დამატებითი კითხვის ნიშნები აღარ ექნებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. შემდეგ, ბატონი ივანიშვილის წერილი გავრცელდა, რის შემდეგაც, ელჩმა, საბოლოო ჯამში, დაადასტურა ეს შეხვედრა. ასეთ დროს, როდესაც მარტივად შეგიძლია კითხვაზე პასუხი და ამას არ აკეთებ, ბუნებრივია, საზოგადოებაში გარკვეული ეჭვები და მითქმა-მოთქმა ჩნდება, რაც ძალიან ცუდია, - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან საქართველოს ომში ჩართვაზე, შანტაჟზე ან მოქმედებაზე, რომელიც უკავშირდება მისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას, საუბარი არ ყოფილა. დიპლომატმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ელჩის თხოვნით, მას 21 მარტს მართლაც შეხვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე