რეზონანსი
(28.07.2022)

ბიძინა ივანიშვილის და კელი დეგნანის შეხვედრა უკვე მეორე დღეა პოლიტიკური განხილვის საგანია. საქართველოში აშშ-ის ელჩის პასუხით, სამსაათიანი საუბრის ფაქტი დადასტურდა, თუმცა კელი დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნა რომ შეხვედრა არც ომში ჩართვას და არც შვეიცარიულ ბანკთან ყოფილი პრემიერის ურთიერთობას ეხებოდა.

მაშინ რა სტრატეგიულ საკითხებს განიხილავდნენ მხარეები? - სწორედ ამ კითხვას სვამენ "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ დასმულ კითხვებს, რომელიც ამ ქვეყნისთვის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობის, საჯაროდ უნდა გაეცეს პასუხი.

"გუშინ გავიგეთ, თურმე ეს შეხვედრა შედგა, დღეს ქალბატონმა კელი დეგნანმაც დაადასტურა და ისიც დაადასტურა, რომ ქვეყნისთვის სტრატეგიულ საკითხებზე იყო ლაპარაკიო. რა შეიძლება იყოს სტრატეგიული საკითხები იმ პერიოდში, როდესაც ჩვენს მეზობელ ქვეყანაში არის ომი, როდესაც ღია მოწოდებები იყო ქართული ოპოზიციის მხრიდან, ქართული არასამთავრობოების მხრიდან, უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან და ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდანაც, რომ საქართველოს გამოეყენებინა შესაძლებლობების ფანჯარა და ჩართულიყო ომში. ძალიან გვაინტერესებს, რა არის ის სტრატეგიული ამოცანები, რაც არ ეხებოდა ომს და არც სანქციებს.

იმასაც შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან 21 მარტამდე პერიოდი, ანუ ამ შეხვედრამდე პერიოდი ეს არის საკითხი, როდესაც პიკში არის ბიძინა ივანიშვილის მიმართ არაფორმალური სანქციები. ამ დროს ხდება შეხვედრა. ჩვენ გვაინტერესებს, ხომ არ იყო გარკვეულწილად ზეწოლა," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე