რეზონანსი
(18.07.2022)

"ქართული ოცნების" დეპუტატის, გივი მიქანაძის განცხადებით, ისინი პრეზიდენტის მიერ მოწვეულ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებენ. მისი თქმით, ამ სესიის მიზანი პოლარიზაციის გაღრმავება და ევროკომისიის რეკომენდაციების საბოტაჟია.

"ფრაქცია "ქართული ოცნება" იმ პროცესში, რომლის მიზანია არა ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, არა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, არამედ პოლარიზაციის გაღრმავება და ხსენებული რეკომენდაციების საბოტაჟი, მონაწილეობას არ მიიღებს", - თქვა გივი მიქანაძემ.

მისივე განცხადებით, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი დღის წესრიგი არ შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს, რადგან მათი დამუშავება, განხილვა და შეჯერება არ მომხდარა პოლიტიკური სუბიექტების მიერ საკომიტეტო მოსმენებზე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია. სხდომა წესით ხვალ, 19 ივლისს უნდა ჩატარდეს.

რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით, ზურაბიშვილს საპარლამენტო ოპოზიციამ ერთობლივი განცხადებით მიმართა. ოპოზიციის თქმით, რიგგარეშე სხდომაზე ის საკითხები უნდა გავიდეს, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნების სწრაფად შესრულებას უზრუნველყოფს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე