რეზონანსი
(10.07.2022)

მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან არავითარი ანტიდასავლური კამპანია არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა მაია ბითაძემ განაცხადა.

„არანაირი ანტიდასავლური კამპანია არ არსებობს, გარდა იმ ნარატივისა, რომელიც ჩვენ რადიკალური ოპოზიციისა და ზოგიერთი მედიასაშუალებიდან გვესმის. ძალიან მკაფიოდ მახსოვს ზუსტად ანტიდასავლური კამპანია, როდესაც პირდაპირი ეთერის მეშვეობით საკმაოდ მკაცრად გააკრიტიკეს პრაქტიკულად, მთელი დიპლომატიური კორპუსი, მათ შორის აშშ-ის ელჩი. ანტიდასავლური თუ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს რადიკალური ოპოზიციის ხელმძღვანელობით, პრაქტიკულად 2 წელია გრძელდება, რამაც ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესები სერიოზულად დააზიანა. ამას აუცილებლად პასუხი გაეცემა მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის მხრიდან და ისტორია არ დაივიწყებს. გლობალური და დროის მასშტაბიდან გამომდინარე, ძალიან თვალსაჩინოა ის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ახორციელებს.

რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა უფლება საქართველოს მოქალაქეს, გამოთქვას თავისი აზრი, სადაც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად რაიმე კრიტიკა ან უკმაყოფილება ისმოდეს სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი, აზრის თავისუფლებაა ამ ქვეყანაში, როგორც მედიას აქვს თავისუფლება, ისევე აქვს რიგით მოქალაქეს აზრის გამოხატვის თავისუფლება",-განაცხადა ბითაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე