რეზონანსი
(04.07.2022)

პოლონეთის მმართველი პარტიის „სამართალი და სამართლიანობა" ლიდერის იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, კიევის პირობებით უკრაინაში მშვიდობის გარანტირება მხოლოდ ნატოს სამშვიდობო მისიას შეუძლია. ამასთან კაჩინსკიმ განმარტა, რომ მსგავსი სცენარის განხორციელება ნაკლებსავარაუდოა.

„თუ ჩვენ გვინდა, რომ მშვიდობის გარანტირება ნამდვილად მოხდეს და უკრაინისთვის ღირსეული პირობებით, ნატოს სამშვიდობო მისიის გარეშე შეუძლებელი იქნება. მოხდება თუ არა ეს? თუ ვინმემ იცის ამ საქმის დეტალები, ესმის, რომ ეს გამორიცხული არ არის, თუმცა ასევე ნაკლებსავარაუდოა",- განაცხადა კაჩინსკიმ.

პოლონელი პოლიტიკოსის თქმით, ომი უკრაინაში შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, ან გაყინული იქნება.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს სამშვიდობო მისია რუსეთთან საბრძოლველად არ არის ... ეს მისია იმისთვის არის, რომ რუსებს ვუთხრათ: ყველაფერი დასრულდა",- განაცხადა კაჩინსკიმ.

ამასთან, პოლონელი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ უკრაინელ სამხედროებთან უშუალო შეტაკებისას რუსეთის ჯარს შანსი არ აქვს, რადგან მათ გაცილებით მძიმე მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვთ. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელების გამარჯვების პირობა შეიარაღებაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე