რეზონანსი
(30.06.2022)

პაპმა ფრანცისკემ რუსეთი ირიბად დაადანაშაულა უკრაინის წინააღმდეგ „სასტიკ და უაზრო ომში". ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო "როიტერსი" წერს.

პონტიფიკოსმა აღნიშნა, რომ უკრაინის კონფლიქტმა ქრისტიანები ერთმანეთს დაუპირისპირა.

„გაყოფილ ქრისტიანებს შორის შერიგება, როგორც კონფლიქტში მყოფ ხალხებს შორის მშვიდობის ხელშემწყობი საშუალება, ყველაზე დროული განხილვის საკითხია ამ დღეებში, რადგან ჩვენი მსოფლიო ჩამოშლილია სასტიკი და უაზრო ომით, რომელშიც ბევრი, ბევრი ქრისტიანი ერთმანეთს ებრძვის" , - განაცხადა პაპმა.

მედიის ცნობით, რუსეთზე მკაფიო მინიშნებით, რომის პაპმა დასძინა, რომ ყველაფერი საჭიროა იმის აღიარებისთვის, რომ შეიარაღებულ დაპყრობას, ექსპანსიონიზმს და იმპერიალიზმს არაფერი აქვს საერთო იმ სასუფეველთან, რომელიც იესომ გვახარა.

ცნობისთვის, გუშინ პაპმა ფრანცისკემ რუსული ძალების მიერ ქალაქ კრემენჩუკში, ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრში განხორციელებული „ბარბაროსული" დაბომბვა დაგმო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე