ია აბულაშვილი
(20.10.2023)

სოლოლაკში ქუჩა, რომელსაც ადრე ბარონ განის ქუჩა ერქვა, დღეს კი დიდი გალაკტიონის სახელს ატარებს, მე-19 საუკუნეში თბილისელებისა და უცხოელების თავშეყრის ადგილი იყო. ამ ქუჩაზე აშენდა პირველად ევროპული ტიპის სახლი, რომელიც გერმანელმა არქიტექტორმა ალბერტ ზალცმანმა ააგო და მისი ფასადი ქართული ორნამენტებითაც დაამშვენა.

გალაკტიონისა და ლადო ასათიანის ქუჩების კუთხეში დღესაც დგას ორი უნიკალური სახლი, რომლებსაც გულგრილად ვერ ჩაუვლი. მათი აშენების ისტორიას დღესაც ხალისით ყვებიან ძირძველი თბილისელები. საქმე ისაა, რომ ამ ქუჩაზე ორი კერძო სახლის მშენებლობა ერთდროულად დაუწყია ორ ცნობილ თბილისელ ვაჭარს. საქმეშიც მეტოქეები ყოფილან და სახლის აშენებაშიც ფურმე ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ.

ერთმა, რომელსაც მეტი ფული ჰქონდა, სახლის ფასადი ძვირფასი დეკორით მორთო. მეზობლის წარმატება რაღაცით უნდა გადაეფარა მეორე ვაჭარს და საკუთარი ფანჯრის თავზე ენაგამოყოფილი მასკარონები (გროტესკული ნიღბები) გამოაქანდაკებინა, მეტოქეს კი შეუთვალა, მე რომ გამოვალ აივანზე, შენი მდიდრული სახლის ფასადით დავტკბები, კარგ ხასიათზე დავდგები, საქმეც კარგად წამივა, შენ კი შენი სახლის აივნიდან ამ ენაგადმოგდებულ სახეებს დაინახავ, გუნება წაგიხდება და საქმეც ცუდად წაგივაო. ეს ხუმრობა იყო, მაგრამ, როგორც ამბობენ, ორივე ვაჭარს მართლაც ცუდად წასვლია საქმე, ბოლშევიკებს ორივესთვის ქონება ჩამოურთმევიათ. იმასაც ამბობენ, რომ ერთ-ერთი ვაჭრის სახლში სტალინი და ბერია ერთმანეთს საიდუმლოდ ხვდებოდნენო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე