ია აბულაშვილი
(13.10.2023)

გერგეტის ტაძარს, რომელსაც „ხევის პატარძალას" უწოდებენ, განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართველთა სულიერ ცხოვრებაში, ხევში კი ამ ტაძართან დაკავშირებით ბევრი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ქართლ-კახეთის დიდებულებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, სად უნდა აშენებულიყო წმინდა სამების ეკლესია. დავაში ჩაერთო ერთი მცხეთელი მოხუცი, რომელმაც დიდებულებს ურჩია: „ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი მენჯის ნაწილი სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც ამ მენჯს გახრავს, სამება იქ ააშენეთ".

ასეც მოიქცნენ, დაკლეს საკლავი, ყორანი მოფრინდა და ფურ- ბერწის მენჯის ნაწილი წაიღო. მდევარი დაადევნეს, რას იზამსო. შავმა ყორანმა ჯერ ანანურის თავზე დაისვენა და იქ სამების ნიშა დადგეს, შემდეგ კი ჯვრის უღეტეხილს გადაუფრინა და იქ ჯვარი აღმართეს. გერგეტს რომ გაფრინდა, სამების მთაზე დაალაგა მენჯის ნაწილები და ძვალიც იქ გამოხრა. ამის შემდეგ დაიწყო იქ ტაძრის მშენებლობა.

ტაძრის აგების თარიღი უცნობია. თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, ხევში საქადაგებლად ჩასულა ანდრია მოციქული, რომელსაც გერგეტში ჯვარი აღუმართავს. წმინდა ნინომ იქადაგა ხევში და მასაც ჯვარი აღუმართავს. „მყინვარის კალთასა ზედა მონასტერი სამებისა, გუმბათოვანი, მცხეთის სახიზად, სადაცა ესუენა ნინოს ჯვარი," - წერს ვახუშტი ბატონიშვილი.

ისტორიული წყაროებით, გერგეტის ყოვლაწმინდა სამების ტაძარი შუა საუკუნეებში აუგიათ. მისი მხატვრობა უნიკალურია, ტაძრის კედლებზე გამოსახულია ღვთისმშობელი, მაცხოვარი, იოანე ნათლისმცემელი და წმინდა ნინო. გეგრეტის ტაძარში ინახებოდა ორი ხატი, კუბოს კარად წოდებული. ხატები ფიცარზე იყო ნახატი, ჩასმული ვერცხლის პერანგში. ერთს ეწოდებოდა საავდრო და მასზე გამოსახული იყო ღვთისმშობელი, ხარება, შობა, მირქმა და ნათლისღება. ეს ხატი გამოჰქონდათ ცუდი ამინდში. მეორეს ერქვა სადარო, მასზე გამოსახული იყო ჯვარცმა, ამაღლება, გვალვის დროს გამოჰქონდათ და წყაროზე აბანავებდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე